ესტნეთთან მატჩის წინა დღეს საქართველოს ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა

ესტნეთთან მატჩის წინა დღეს საქართველოს ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა

საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთიდან დაბრუნდა და ესტონეთთან მატჩისთვის ემზადება. ილიას ზუროსის გუნდმა საბერძნეთში მარცხით მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი დაკარგა, თუმცა საერთაშორისო რეიტინგისთვის და ზოგადად, პრესტიჟისთვის ესტონეთთან მხოლოდ გამარჯვებას ეცდება.

ბალტიისპირელებმა წინა ტურში სერბეთის დამარცხებით სენსაცია მოახდინეს, რის შემდეგაც იმის ამბიციაც გაუჩნდათ, რომ საქართველოშიც იმარჯვონ. ესტონელები თბილისში არიან და მატჩის წინა დღეს სპორტის სასახლეში ივარჯიშეს, რის შემდეგაც მოედანი ქართველებმა დაიკავეს.

ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრების წევრები კომბინაციებში ავარჯიშა. ბერძენმა სპეციალისტმა კალათბურთელებს ის სათამაშო სქემები შეასრულებინა, რაზეც ბოლო დღეებში  ავარჯიშებდა. ვარჯიშის დასკვნითი ნაწილი ჟურნალისტებისთვის ღია იყო. 

ილიას ზუროსი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

ხვალ ამ 2-წლიანი ციკლის ბოლო მატჩი გველის. ამ თამაშზე ფოკუსირებულები უნდა ვიყოთ. მინდა, ჩემს მოთამაშეებს მივულოცო, მათ რთული მატჩები ჰქონდათ, მაგრამ კარგად ითამაშეს. რამდენიმე მნიშვნელოვანი თამაში წავაგეთ, მაგალითად, საბერძნეთთან ბოლო წამებზე. ხვალ დარბაზში ბევრ გულშემატკივარს ველი, რადგან მომდევნო ციკლამდე ეს ჩვენი ბოლო მატჩია.

ყველა თამაში განსხვავდება. ესტონეთი რთული მეტოქეა, მათ ახალგაზრდა მოთამაშეები გამოიძახეს და ბევრისთვის მოულოდნელად სერბეთს მოუგეს. სამწუხაროდ, ხვალ  ახალგაზრდა მოთამაშეები დაგვაკლდებიან [მათ შორის გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი არიან]. რატი ანდრონიკაშვილი კი ბოლო მატჩებში მეტს თამაშობს და გვეხმარება. იმედია, ხვალაც იგივეს გააკეთებს.