29 აპრილს, თბილისის დროით 15:00 საათზე გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევრობასკეტ 2022-ის წილისყრა გაიმართება. სწორედ აღნიშნულ ღონისძიებაზე შედგება მომავალი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფები, რომელთაგან ერთ-ერთს თბილისი უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობა 2022 წლის 1-18 სექტემბერს გაიმართება. ჯგუფური ეტაპის მატჩები 4 ქვეყანაში – გერმანიაში (კიოლნი), საქართველოში (თბილისი), ჩეხეთსა (პრაღა) და იტალიაში (მილანი) ჩატარდება, ხოლო საპლეიოფო ეტაპს გერმანიის დედაქალაქი ბერლინი უმასპინძლებს.
კოვიდ-რეგულაციების გამო, კენჭისყრას შეზღუდული რაოდენობის მონაწილე და დამსწრე ეყოლება. ღონისძიება ბერლინის Verti Music Hall-ში ჩატარდება და მას გერმანიის, საქართველოს, იტალიისა და ჩეხეთის კალათბურთის ფედერაციების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრების მცირე რაოდენობა დაესწრება. კენჭისყრაზე დასასწრებად ბერლინში გაემგზავრნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა, ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს პარლამენტის წევრი ვიქტორ სანიკიძე და ფედერაციის გენერალური მდივანი გი
ორგი ქართველიშვილი, რომელიც ამავდროულად ფიბა-ევროპის ბორდის წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პრეზიდენტია.
კენჭისყრის ცერემონიალს ლეგენდარული გერმანელი კალათბურთელი, ევრობასკეტ 2022-ის ახლადარჩეული ელჩი დირკ ნოვიცკი გაუძღვება, რომელსაც ამ საქმეში დახმარებას ვიქტორ სანიკიძე და იტალიელი ვეტერანი კალათბურთელი, რობერტო ბრუნამონტი გაუწევენ.
ევრობასკეტის მონაწილე 24 ქვეყანა ფიბა-ს ოფიციალური რეიტინგის შესაბამისად, კენჭისყრისთვის 6 კალათაში თვის დასაწყისში განითესა. ევრობასკეტის თითოეულ მასპინძელს აქვს შესაძლებლობა, პარტნიორი ქვეყანა (ფედერაცია) აირჩიოს, რომლის ნაკრებიც ამ ქვეყანაში ჩატარებულ ჯგუფში იასპარეზებს. პარტნიორი ფედერაციების არჩევის პრაქტიკა 2015 წლის ევრობასკეტიდან მომდინარეობს და მისი მიზანი ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნებისთვის ღონისძიების მარკეტინგული და სპორტული მხარის უკეთესად დაგეგმვა, ასევე მომავალი მეტოქის სიძლიერის მიხედვით შერჩევაა. ჯგუფური ეტაპის ოთხივე მასპინძელმა ქვეყანამ უკვე გააკეთა არჩევანი: გერმანიამ ლიეტუვა აირჩია, ჩეხეთმა – პოლონეთი, იტალიამ – ესტონეთი და საქართველომ – თურქეთი. შესაბამისად, თითოეული ჯგუფის 2-2 მონაწილე ცნობილია: ჯგუფის მასპინძელი და მის მიერ არჩეული ქვეყანა. ჯგუფების დანარჩენ წევრებს ბერლინში დაგეგმილი კენჭისყრა გამოავლენს.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ 2022-ის კენჭისყრა ბერლინის Verti Music Hall-ში 29 აპრილს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება და მისი ლაივ-ტრანსლაციის ხილვა ფიბა-ს YouTube არხსა და ევრობასკეტის Facebook გვერდზე იქნება შესაძლებელი.