მომდევნო, 2025 წელს გასამართი ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი პოლონეთი იქნება. 3 თანამასპინძელი აქამდეც ცნობილი იყო – ფიბა-ევროპამ ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ჩატარების პატივი კვიპროსს, ფინეთს და ლატვიას არგუნა. ლატვიასავე ებოძა ფინალური ეტაპის ჩატარების უფლება. დარჩენილი იყო მე-4 მასპინძელი ქვეყანა, რომლის ვინაობაც დღეს პოლონეთის სასარგებლოდ გადაწყდა.
პოლონეთის კალათბურთის ფედერაციამ თავისი კანდიდატურა ფიბა-ევროპის საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე წარადგინა, რომელიც გერმანიის დედაქალაქში ბერლინში FIBA Eurobasket 2022-ის ფინალური და მე-3 ადგილის მატჩის წინა დღეს გაიმართა.
საბჭოს სხდომას უძღვებოდა ფიბა ევროპის პრეზიდენტი ტურგაი დემირელი, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ფიბა-ს პრეზიდენტი ჰამანე ნიანგი, ფიბა-ს გენერალური მდივანი ანდრეას ზაგკლისი და FIBA-ს აღმასრულებელი დირექტორი/FIBA ევროპის გენერალური მდივანი კამილ ნოვაკი.
ბერლინში პოლონეთის დელეგაციას პოლონეთის სპორტისა და ტურიზმის მინისტრი კამილ ბორტნიჩუკი და პოლონეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რადოსლავ პიესიევიჩი უძღვებოდნენ. პოლონური ქალაქი, რომელიც ევრობასკეტ 2025-ის ერთ-ერთ ჯგუფს უმასპინძლებს, ფიბა-ევროპის ნოემბრის სესიაზე გამოცხადდება.
ევრობასკეტ 2025-ის თანამასპინძლობის რეალური კანდიდატი იყო უკრაინა, რომლისკენაც ფიბა-ს ისრები იხრებოდა, თუმცა ამ ქვეყანაში გაჩაღებული ომისა და არასტაბილური მდგომარეობის გამო, ფიბა-ევროპის საბჭომ უკრაინელებთან მოლაპარაკებებთან ერთად ალტერნატიული ვარიანტი გამონახა და დღეს პოლონეთს თანამასპინძლის სტატუსი უბოძა.
მაშ ასე, 3 წლის შემდეგ ევრობასკეტი 4 ქვეყანაში – კვიპროსში, ლატვიაში, ფინეთსა და პოლონეთში ჩატარდება. ფინალურ ეტაპს ლატვისს დედაქალაქი რიგა უმასპინძლებს.