საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე ევრობასკეტზეც ტიტულის მაძიებელ ესპანეთთან წააგო. სადებიუტო მატჩში ბელგიასთან ბრძოლაში, ბოლო წამებზე დამარცხებულმა საქართველომ მრისხანე მეტოქეს პირველ ნახევარში ეომა, მსაჯების სტუმრების სასარგებლოდ რამდენიმე საეჭვო გადაწყვეტილების მიუხედავად ჩვენს გუნდს მეტოქე ვერ ჯაბნიდა, მაგრამ დიდი შესვენების შემდეგ ყველაფერი აირია.
ბელგიასთან ბრძოლაში გადაღლილ ილიას ზუროსის გუნდს დანაკლისიც ჰქონდა. გოგა ბითაძემ სასტარტო ხუთეულში თამაში კი დაიწყო, მაგრამ არასრულ 7 წუთში მოედანი დატოვა და აღარ დაბრუნებულა. მას წინა შეხვედრაში ნატკენმა ფეხმა შეაწუხა და მწვრთნელებმა ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ ბითაძის დასვენება გადაწყვიტეს. აღსანიშნავია, რომ შენგელია ამ შეხვედრაში ნაკრებთან იყო. ის იტალიიდან კარგი ამბით დაბრუნდა: მხარის მკურნალობას ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდება. მისი რეალბილიტაცია დაახლოებით 2 თვე გაგრძელდება.
შენგელიასთან ერთად ბითაძის არყოფნაც დიდი დანაკლისია და მით უფრო, ესპანეთთან. სერჟიო სკორიოლოს გაწვრთნილმა ესპანელებმა მესამე პერიოდში აიწყვიტეს, ათწუთეული 31:16 მოიგეს და დასკვნითი პერიოდის წინ 24 ქულით გალიდერდნენ. ეს უკვე ესპანელთა გამარჯვებას ნიშნავდა და შეხვედრაც ისე ჩამთავრდა, მოედანზე დაძაბულობას არ დაუსადგურებია. ქართველებმა ბოლო პერიოდში ფიქრი უკვე მომავალ თამაშებზე დაიწყეს, რომელთაგან მინიმუმ 2 მოსაგებია, ჯგუფის საუკეთესო 4 გუნდში, შესაბამისად, პლეი ოფში რომ მოვხვდეთ.
მატჩი საბოლოოდ საქართველომ 64:90 (სტატისტიკა) დათმო. ჩვენს გუნდში ბომბარდირი 13 ქულით რატი ანდრონიკაშვილი გახდა, ხოლო სარგებლიანობით საუკეთესო შედეგი სანდრო მამუკელაშვილმა აჩვენა – 10 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი. 10 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი დაგროვდა გიორგი შერმადინის ანგარიშზე.
საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს თურქეთთან, 4 სექტემბერს გამართავს. თურქებს დღეს 3 პერიოდი უძალიანდებოდა ბულგარეთი, მაგრამ საბოლოოდ მაინც წააგო – 87:101 (სტატისტიკა). ჩვენი ჯგუფის მე-3 შეხვედრაში, რომელიც რეალურად ყველაზე ადრე გაიმართა, მონტენეგრომ 76:70 (სტატისტიკა) დაამარცხა ბელგია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი ბელგიელები და მონტენეგროელები ესპანეთს არ მოუგებენ, საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასასვლელად ბულგარეთთან და მონტენეგროსთან მინიმალური გამარჯვებაც ეყოფა.