24 სექტემბერს გაიმართა ფიბა-ევროპის ბორდის სხდომა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში ჩატარდა. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად ჩვენთვის მეტად საინტერესო გადაწყვეტილება მიიღეს – ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე დარჩენილი მატჩები „ბაბლის“ სისტემით გაიმართება. ეს ტერმინი კალათბურთში ნბა-ს მიმდინარე სეზონში განვითარებული მოვლენების შემდეგ დამკვიდრდა, როცა პანდემიის გამო შეწყვეტილი რეგულარული ჩემპიონატი ერთ სივრცეში, კერძოდ კი ორლანდოს “დისნეი უორლდში” გაგრძელდა და პლეი ოფი დასასრულს უახლოვდება. საბოლოო კალენდარს, თუ რომელი ჯგუფის თამაშები რომელ ქვეყანაში და როდის ჩატარდება, ფიბა 8 ოქტომბრის ბორდის სხდომის შემდეგ გამოაქვეყნებს.
ახლა უფრო კონკრეტულად: პანდემიის გამო ევროპის მმართველმა საკალათბურთო ორგანიზაციამ გადაწყვიტა ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევი ეტაპის ყოველი ჯგუფის ოთხ-ოთხი მატჩი ერთ ქალაქში გამართოს. ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე დარჩენილია ორი ფანჯარა: ნოემბერში და თებერვალში. ბორდის წევრი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი ფიბა-ში წინადადებით შევიდა, რომ შესარჩევი ეტაპის ფანჯრები „ბაბლის“ სისტემით გაიმართოს, რაც ფიბა-ევროპის ბორდმა 24 სექტემბერს ოფიციალურად მიიღო. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს ნოემბრის ფანჯარაში ფინეთთან და შვეიცარიასთან შეხვედრები ერთ ქვეყანაში ექნება – ჩვენი ჯგუფის ოთხივე ნაკრები (საქართველო, შვეიცარია, სერბეთი, ფინეთი) ერთ ქალაქში შეიკრიბება და მოკლე შუალედში ორ-ორ მატჩს გამართავს.
ისევე, როგორც ჩვენიდან, დანარჩენი რვა ჯგუფიდანაც შეირჩევა თითო მასპინძელი, რომელიც ნოემბრის „ბაბლს“ მიიღებს. თუ რა კრიტერიუმით შეირჩევა მასპინძელი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი განმარტავს:
“ფიბა-ევროპის ბორდის გადაწყვეტილებით, ჯგუფის მონაწილე ოთხი გუნდიდან უპირატესობა მიენიჭება იმ ქვეყანას, რომელსაც სათამაშო ფანჯრის დროს ორი მატჩის გამართვა შინ უწევს. ვფიქრობ, სამართლიანი გადაწყვეტილებაა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ჯგუფის ყველა წევრი მასპინძლობაზე უარს იტყვის, მაშინ სხვა ჯგუფის მასპინძელს ექნება შესაძლებლობა, თავისთან მიიწვიოს ის ჯგუფი. თუმცა, არა მგონია, ვინმემ „ბაბლის“ საკუთარ არენაზე მიღებაზე უარი თქვას, ვინაიდან მოთხოვნა დიდია… ნოემბერში ჩვენს ჯგუფში ორი საშინაო მატჩის გამართვა შვეიცარიას უწევს, ამიტომ სწორედ ის არის ბაბლის მასპინძლობის მთავარი პრეტენდენტი. ჩემი ინფორმაციით, შვეიცარიელები უარს არ იტყვიან. რაც შეეხება თებერვლის ფანჯარას, უპირატესობა საქართველოს მიენიჭება, რადგან სწორედ ჩვენს ნაკრებს ელის ორი საშინაო მატჩი. მზად ვართ, თებერვლის „ბაბლს“ ვუმასპინძლოთ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად კარგი ამბავია.
კიდევ უფრო სასიამოვნო იქნებოდა, ტრიბუნებზე გულშემატკივარი რომ იყოს დაშვებული. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ – თამაშებზე გულშემატკივრის დასწრება დამოკიდებულია ამა თუ იმ ქვეყანაში (რომელიც „ბაბლს“ უმასპინძლებს) არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და სახელმწიფო რეგულაციებზე. მაგალითისთვის – შვეიცარიაში სადღეისოდ დარბაზის 2/3-ით შევსებაა დაშვებული. რა რეგულაციები გვექნება საქართველოში თებერვალში, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. დავიტოვოთ იმედი, რომ მდგომარეობა დარეგულირდება და ქართველ ქომაგს მაღალი ხარისხის ოთხი მატჩის ხილვის საშუალება ტრიბუნებიდან მიეცემა”.