ევრობასკეტისთვის ახალ მშენებარე დარბაზს სამუშაო ვიზიტით FIBA ევროპის დელეგაცია ესტუმრა

ევრობასკეტისთვის ახალ მშენებარე დარბაზს სამუშაო ვიზიტით FIBA ევროპის დელეგაცია ესტუმრა

თბილისს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა ფიბა-ევროპის დელეგაცია მისი აღმასრულებელი დირექტორის, კამილ ნოვაკის ხელმძღვანელობით. 

დელეგაციის წევრები 2022 წლის ევრობასკეტის მასპინძლობისთვის საქართველოში ახალი საკალათბურთო არენის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და შესაბამი რეკომენდაციები გასცეს, რათა ახალმა დარბაზმა მომავალში ევრობასკეტისა და მაღალი დონის საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, რომლის ანალოგიც ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად პანდემიისა, ახალი დარბაზის მშენებლობის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობდა და მისი ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებულია. ფიბა-ევროპის წარმომადგენლები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს სოსო გიორგაძეს, მშენებლობის დამკვეთ „სპორტმშენსერვისისა“ და სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

კამილ ნოვაკთან ერთად თბილისში იმყოფებიან ფიბა-ევროპის კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტების ხელმძღვანელები საკის კონტოსი და ნიკ მარზოლი. ფიბა-ევროპის დელეგაციამ და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობამ მომავალი ევრობასკეტის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს და სხვადასხვა საერთო პროექტი განიხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან შემდეგი განცხადებები გაკეთდა:

სოსო გიორგაძე (კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე): 2019 წელს ევრობასკეტის მასპინძლობისთვის ჩვენ მივიღეთ დიდი გამოწვევა, რომ გვქონოდა ასეთი უმაღლესი დონის ღონისძიების მასპინძლობისთვის შესაბამისი ინსფრასტუქტურა. სასიხარულოა, რომ ეს გამოწვევა პრაქტიკულად დაძლეულია, რადგან ამ უნიკალური დარბაზის სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ახალი დარბაზი მთლიანად შეესაბამება არამხოლოდ კალათბურთის, არამედ ზოგადად მსოფლიო სპორტის სტანდარტებს. ასეთი ინფრასტრუქტურის არსებობა შესაძლებლობას მოგვცემს, ვუმასპინძლოთ სხვადასხავა ღონისძიებებს და საერთაშორისო ტურნირებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სპორტის სხვადასხვა დარგის განვითარებას. მომავალი ევრობასკეტისთვის მშენებარე დარბაზი დაახლოებით 10 000 მაყურებელს დაიტევს და საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურის ფონზე გამორჩეული იქნება თანამედროვე სპორტის საერთაშორისო სტანდარტებით. ფიბა-ევროპის აღამსრულებელი დირექტორის კამილ ნოვაკის შეფასებით, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოში ევრობასკეტის ჩატარებას, ნამდვილად მოსალოცია ის ფაქტი, რომ დარბაზის მშენებლობის პროცესი ასეთი სისწრაფით და ინტენსივობით მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ევრობასკეტთან ერთად, ამ დარბაზში სამომავლოდ აგრეთვე სხვადასხვა საერთშორისო ჩემპიონატებისა და ღონისძიებების ჩატარება განიხილება.

კამილ ნოვაკი (ფიბა-ევროპის აღმასრულებელი დირექტორი): შესანიშნავია აქ ყოფნა და იმის ხილვა, რომ მიუხედავად პანდემიისა, ასეთი პროგრესით მიმდინარეობს დარბაზის მშენებლობა, რასაც აუცილებლად აღვნიშნავთ ფიბა-ევროპის ბორდის სხდომაზე. ჩვენ დარბაზის  მშენებლობის პროცესს ლაივ რეჟიმში მუდმივად ვადევნებთ თვალს, თუმცა ადგილზე შეფასება სრულიად განსხვავებულია. დღეს აქ, ჩემს კოლეგებთან ერთად არამხოლოდ მონიტორინგის, არამედ მხარდაჭერის და შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით ვიმყოფები. სხვადასხვა ქვეყნებში არაერთი საკალათბურთო დარბაზი გვინახავს და ვფიქრობ, ჩვენი რეკომენდაციები საჭირო და გამოსადეგი იქნება. სასიამოვნოა აქ  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის ხილვა, ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და ეს ნამდვილად დასაფასებელია. მნიშვნელოვანია, რომ ევრობასკეტის ჩატარების შემდეგ ქვეყანას მემკვიდრეობად ფანტასტიური სპორტული არენა დარჩება.

პაატა გურასპაული (საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): პირველ რიგში, დიდი მადლობა ბატონ კამილ ნოვაკს და მის თანხმლებ პირებს ვიზიტისთვის და დიდი მადლობა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს ბატონ სოსო გიორგაძეს მობრძანებისთვის. ჩვენ დღეს ერთობლივი, ძალიან ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრა გვქონდა. სასიხარულოა, რომ დარბაზის სამშენებლო სამუშაოები გრაფიკის გათვალისწინებით მიმდინარეობს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ევრობასკეტამდე, მომავალი წლის თებერვალში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებსაც სწორედ ამ ახალ დარბაზში ვუმასპინძლებთ. მნიშვნელოვანია, რომ პირველად, ჩვენს ქვეყანას ექნება ყველა საერთაშორისო სტანდარტის საკალათბურთო დარბაზი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ფიბას მოთხოვნებს და 2022 წლის ევრობასკეტს მაღალ დონეზე, წარმატებით  ვუმასპინძლებთ.