ევროჩელენჯი: ელისი და მარკოიშვილი გავიდნენ, ცინცაძე და სანიკიძე ჩარჩნენ

წუხელ დასრულდა “ევროჩელენჯის” პირველი ჯგუფური ეტაპი და გაირკვა ის 16 გუნდი, რომლებიც ამ ევროთასისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. ტურნირში მონაწილე სამი “ქართული” გუნდიდან მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე 2 გავიდა – მანუჩარ მარკოიშვილის “ბკ კიევმა” და ტაირონ ელისის “კახასოლმა” თავიანთ ჯგუფებში მეორე ადგილები დაიკავეს და მომდევნო ეტაპზე გაძვრნენ, ხოლო გიორგი ცინცაძისა და ვიქტორ სანიკიძის “ტარტუ როკს” ხელი მოეცარა.მარკოიშვილმა 17 ქულა ჩაუგდო გერმანულ “სკაილაინერსს”, მისმა გუნდმა კი საკმაოდ დამაჯერებლად, 78:46 იმარჯვა და რუსული “ტრიუმფის შემდეგ H ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. მარკოიშვილზე მეტი ქულა ამ მატჩში არავის მიუთვლია – ზუსტად 17 მოაგროვმა “მანუს” თანაგუნდელმა კენან ბაირამოვიჩმა.

მარკოიშვილი გერმანელების ფარისკენ მიფრინავს
“ჩვენ თავიდანვე ვუპოვეთ თამაშს გასაღები, კარგად ვირჯებოდით როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ვიცით, რომ მომდევნო ეტაპზე გაცილებით რთული მატჩები გველის, ამიტომ აღებული ტემპი არ უნდა მოვადუნოთ და კიდევ უფრო მოვუმატოთ” – ნამატჩევს მარკოიშვილს ევროპელმა ჟურნალისტებმა კომენტარიც კი სთხოვეს.”ბკ კიევი” მომდევნო ჯგუფში საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან მოხვდა: იტალიური “ვირტუსი”, თურქული “გალათასარაი” და გერმანული “ოლდენბურგი”.საქართველოს ნაკრების ამერიკელი გამთამაშებლის “კახასოლი” შინ ლატვიურ “ვენტსპილსს” დაუხვდა და რომ იტყვიან, მეტოქეს გადაუარა – 98:51.

ლატვიელთა კალათს უტევს ტაირონ ელისი
ელისმა მხოლოდ 10 წუთი ითამაშა და 7 ქულის მიტვლა მოახერხა. მატჩის ბედი პირველივე მეოთხედში გადაწყდა (26–6) და ესპანური გუნდის მწვრთნელმა აღარ დატვირთა ერთ–ერთი ლიდერი ელისი.”კახასოლსს” მეტოქეებად მომდევნო ჯგუფში 2 რუსული გუნდი შეხვდა: როსტოვული “ლოკომოტივი” და პერმის “ურალ გრეიტი”. ასევე კვიპროსული აელ–ი.დაბოლოს ჯგუფში ჩარჩენილ “როკზე” ვთქვათ. ტარტუელებმა სტუმრად წააგეს ბელგიურ “ოსტენდესთან” 82:92, თუმცა რომც მოეგოთ, ჯგუფიდან მაინც ვერ გადიოდნენ. გულის ნუგეში იმითღა თუ შეუძლიათ ქართველ ქომაგებს, რომ ცინცაძე საუკეთესო იყო თავისიანთაგან და არც სანიკიძეს უთამაშია ურიგოდ.ცინცაძემ 32 წუთში 20 ქულა, 6 პასი და 3 მოხსნა მიითვალა, ხოლო სანიკიძემ 10 წუთში ამდენივე ქულის შეგროვება მოახერხა, რასაც 2 მოხსნაც მოაყოლა.