ევროდერბი ქართული სცენარით: შერმადინი VS სანიკიძე

ევროდერბი ქართული სცენარით: შერმადინი VS სანიკიძე

ევროლიგის მე-4 ტურის ყველაზე დაძაბული დრამატული მატჩი „ქართული დერბი“ გამოდგა. გიორგი შერმადინის „ოლიმპიაკოსმა“ ვიქტორ სანიკიძის „სიენას“ უმასპინძლა და ორივე ქართველი თავიანთ გუნდებში საუკეთესოთა შორის იყვნენ. შერმადინმა, რომელმაც პირეოსული გრანდის სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა, თავისიანთა შორის სულაც საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ვიქტორ სანიკიძე კი საერთო შედეგიანობით თავისიანთა შორის მეორე იყო მატჩის გმირის – ბობი ბრაუნის შემდეგ, რომელმაც საფინალო სირენამდე 1 წამით ადრე სიენელთა გამარჯვების ბურთი ჩააგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 74:72.
 

შერმადინი დანიელ ჰაკეტს უფარებს
 
ბოლო მატჩებში სასტარტოში მყოფმა სანიკიძემ ხუთეულში არ ითამაშა, ხოლო შერმადინი კი – პირიქით: ქართველი ცენტრი „ოლიმპიაკოსის“ სასტარტო ხუთეულში პირველად იმოფებოდა და ყველას დაუმტკიცა, რომ ამ ადგილს იმსახურებს. ქართველი კალათბურთელები ერთმანეთს მოედანზე მესამე მეოთხედში შეხვდნენ. მეტიც – აღნიშნული პერიოდის დასრულებამდე 4 წუთი რომ რჩებოდა, შერმადინი ფარქვეშ შეჭრილ სანიკიძეზე დაჯარიმდა და ამ უკანასკნელმა ორივე ტყორცნა ააცილა.
 
„ოლიმპიაკოსის“ ქართველ ცენტრს მხოლოდ 14 წუთი დასჭირდა საიმისაოდ, რომ თავის გუნდში საუკეთესო შედეგიანობა გამოევლინა. შერმადინმა 3-დან 3 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, რასაც 7 მოხსნა, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაყოლა. გიორგის საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტმა 21 შეადგინა, რაც ბერძნულ გრანდში საუკეთესო შედეგია. ქართველი ცენტრის შემდეგ მოდიან კაილ ნაინსი (16), ევანგელოს მანცარისი (13) და ვასილის სპანულისი (11).
 
სანიკიძემ 21 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა. ვიქტორმა 5-დან 2 ორქულიანი, 5-დან 2 საჯარიმო და 2-ში 1 სამქულიანი ჩააგდო. შერმადინის მსგავსად სანიკიძემაც 9 ქულა დააგროვა, რასაც 8 მოხსნა და 1 დაფარება მოაყოლა. საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით (14) სანიკიძე სიენელთაგან მეორე იყო. საუკეთესო შედეგი მატჩის გმირმა, გამარჯვების მომტანი ბურთის ჩამგდებმა ბობი ბრაუნმა დააფიქსირა, რომელმაც 37 წუთში 24 ქულა და 6 პასი მიითვალა.
 
მასპინძლებმა ისეთი მატჩი წააგეს, რომელიც საბერძნეთში, საკუთარი მაყურებლის წინაშე უპატიებელია. მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე „ოლიმპიაკოსი“ 72:67 იგებდა და ჯერ ორქულიანი მიიღო, მერე სამიანი და ანგარიში გათანაბრდა. მასპინძლებს შეტევისთვის 18 წამი ჰქონდათ, რომლის ამოწურვას პირეოსელები არ დაელოდნენ და შეუტიეს. ჰაინსმა გარღვევა გააცუდა, ბურთი ბობი ბრაუნს მიუვიდა, რომელმაც მთელი მოედანი გადასერა და საფინალო სირენამდე 1 წამით ადრე ზუსტი ორქულიანით „სიენა“ 74:72 დააწინაურა. განწირული სამქულიანით ოლიმპიაკოსელებმა ვეღარაფერი შეცვალეს და „სიენამ“ წაუგებელი სვლა გააგრძელა.
 
მომდევნო ტურში „ოლიმპიაკოსი“ ისრაელში „მაკაბის” შეხვდება, „სიენა“ კი „ბეშიქთაშს“ უმასპინძლებს.
 ევროლიგა. მე-4 ტური
A ჯგუფი
ალბა – პანათიანაიკოსი                      73:79
ბროსე – ეფესი                                  76:94
უნიკახა – რეალი                               64:72
ჟალგირისი – ცსკა                              73:87
 
B ჯგუფი
ბეშიქთაში – ბარსელონა                    59:73
ხიმკი – მაკაბი                                88:67
ფენერბაჰჩე – კახა ლაბორალი            75:97
ოლიმპიაკოსი – სიენა                       72:74
 
 

F ჯგუფი

ბურთების

შეფარდება

+/-
კახა ლაბორალი

4

0

327

270

57
სიენა

4

0

333

309

24
ხიმკი

3

1

322

289

33
ბარსელონა

3

1

314

283

31
ოლიმპიაკოსი

1

3

291

296

-5
მაკაბი

1

3

297

311

-14
ბეშიქთაში

0

4

249

307

-58
ფენერბაჰჩე

0

4

318

386

-68