ევროექსპერტები: ფაჩულიას ტრავმამ საქართველო 7 საფეხურით დააქვეითა

ევროექსპერტები: ფაჩულიას ტრავმამ საქართველო 7 საფეხურით დააქვეითა

ზაზა ფაჩულიას ტრავმამ საქართველოს ნაკრების საევრობასკეტო შანსები მნიშვნელოვნად შეამცირა. ფიბა-ევროპის ვებ-გვერდზე ევროპელი საკალათბურთო ექსპერტები ყოველ 2 კვირაში საკუთარ პროგნოზებს აქვეყნებენ, სადაც ევროპის ჩემპიონატის ოცდაოთხივე მონაწილე ფავოროტობის ნიშნით არის ჩამწკრივებული.
 
საქართველოს ნაკრები სტაბილურად ინარჩუნებდა მე-14 ადგილს, თუმცა როცა ზაზა ფაჩულია ტრავმის გამო მოედანზე ვეღარ გადიოდა, 2 ადგილით ჩამოქვეითდა, ხოლო როცა ქართველთა კაპიტანმა აქილევსის მყესზე ოპერაცია გაიკეთა, იგორ კოკოშკოვის ნაკრები ერთბაშად 5 ადგილით დაქვეითდა. ანუ ჩვენმა ნაკრებმა ჯამში 7 ადგილი დაკარგა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ფაჩულიას ტრავმით იყო განპირობებული.
 

 
ჩვენც ვიცით, რომ ფაჩულიას ტრავმა კოკოშკოვის გუნდის შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს, თუმცა მცირე შანსი არსებობს, რომ ფაჩულია ადრიანად გამოჯანმრთელდეს და საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე დაეხმაროს. გთავაზობთ ფიბა-ევროპის ექსპერტთა მორიგ გამოშვებას, სადაც საქართველოზე დიდი ვარდნა იტალიამ განიცადა. აპენინელებს ფაჩულიას მსგავსად, აქილევსის მყესის ტრავმის გამო დანილო გალინარი გამოაკლდათ, რაც იტალიელთა რეკორდული ვარდნის მიზეზი გახდა. აქამდე არც ერთი გუნდი 6 ადგილით არ დაქვეითებულა.
 
რაც შეეხებათ სხვა მეტოქეებს, პოლონეთი 4 ადგილით დაწინაურდა, რაც იმ განცხადების გამო მოხდა, რომელიც ესპანური „კახა ლაბორალის“ სლავმა ფორვარდმა, მაცეი ლამპემ გააკეთა. ლამპემ თქვა, ევრობასკეტზე ვითამაშებ და ამასვე აპირებს მარცინ გორტატიცო. მანამდე ცნობილი იყო, რომ გორტატი ევროპირველობაზე თამაშს არ აპირებდა.
 
დაწინაურდა კიდევ ერთი მეტოქე ხორვატიაც, რომლის არერთი წევრიც შედეგიანად ასპარეზობს ევროტურნირებში. ბოლო, 24-ე ადგილი უკავია ჩვენს მომავალ მეტოქე ჩეხეთს, რაც კარგია, თუმცა, ამავდროულად, პირველ ადგილს ინარჩუნებს ესპანეთის ნაკრები, ხოლო სლოვენია კვლავ მესამეა.
 
1. ესპანეთი                 (0)
2. საფრანგეთი            (0)
3. სლოვენია               (0)
4. საბერძნეთი            (0)
5. ლიტვა                     (+1)
6. რუსეთი                  (-1)
7. მონტენეგრო           (0)
8. სერბეთი                 (+1)
9. თურქეთი               (+1)
10. ხორვატია             (+1)
11. ისრაელი               (+1)
12. გერმანია               (+1)
13. ბოსნია                  (+1)
14. იტალია                 (-6)
15. ფინეთი                 (0)
16. ბრიტანეთი           (+1)
17. მაკედონია            (+1)
18. პოლონეთი           (+4)
19. ლატვია                 (+1)
20. უკრაინა                (-1)
21. საქართველო   (-5)
22. შვედეთი               (-1)
23. ბელგია                 (0)
24. ჩეხეთი                  (0)