ევროლიგა: შერმადინმა შინ მოიგო, სანიკიძე – კატალონიაში დამარცხდა

ევროლიგა: შერმადინმა შინ მოიგო, სანიკიძე – კატალონიაში დამარცხდა

ევროლიგაში მორიგი მატჩები გამართეს ქართველების გუნდებმა. გიორგი შერმადინი კვლავ სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, მისმა „ოლიმპიაკოსმა“ კი პირეოსში „ფენერბაჰჩეს“ 82:71 აჯობა. ვიქტორ სანიკიძის „სიენა“ კი, რომელიც მეორე ჯგუფურ ეტაპზე წაუგებელი იყო, კატალონიაში „ბარსელონასთან“ ვერაფერი გააწყო. მასპინძლებმა მეტოქეს ყველა კომპონენტსი აჯობეს და საბოლოოდ 85:66 იმარჯვეს.
 
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 17,21 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა სტამბოლელთა ფარს საშუალო დისტანციიდან 7-ჯერ შეუტია და 4-ჯერ იხეირა. მისი მონაგარიც ეს იყო – 8 ქულა, რასაც შერმადინმა 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა.
 

 
ოლიმპიაკოსელთაგან 13-13 ქულით საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს ვასილის სპანულისმა და გეორგის პრინტეზისმა. ამ გამარჯვებით პირეოსული გუნდი ცხრილში მომაგრდა. შერმადინის გუნდს 3 მოგების წილ 3 მარცხი აქვს და 8-გუნდიან ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება. ჯგუფის ლიდერმა „სიენამ“, რომელსაც აქამდე 5-დან 5 მატჩი ჰქონდა მოგებული, კატალონიაში უშანსოდ წააგო. „ბარსელონამ“ სიენელები ყველა კომპონენტში დაჯაბნა და საბოლოოდ ანგარიშით 85:66 დაამარცხა.
 
სანიკიძე სათადარიგო იყო და მოედანზე გატარებულ 14,41 წუთში თავი 2 ქულას, 4 მოხსნას და 2 ჩაჭრას მოუყარა. ვიქტორმა 3-დან 1 ოქრულიანი ჩააგდო, 1 სამიანი და 2 საჯარიმო კი ააცილა. სიენელაგან ტრადიციულად ბობი ბრაუნი გამოირჩა, რომელმაც 32 წუთში 19 ქულა და 4 პასი მიითვალა.
 
მომდევნო ტური 2 კვირაში გაიმართება: 15 თებერვალს „სიენა“ ესპანურ „კახა ლაბორალს“ უმასპინძლებს, ხოლო „ოლიმპიაკოსი“ რუსეთში „ხიმკის“ დაუპირისპირდება.