ევროფინალი: ესპანეთი VS საფრანგეთი

ევროფინალი: ესპანეთი VS საფრანგეთი

ევროპის ჩემპიონი ან საფრანგეთი გახდება, ან ესპანეთი. რუსეთი და მაკედონია საჩემპიონო რბოლას წუხელ ჩამოსშორდნენ. ესპანეთმა შეწყვიტა მაკედონიელთა თავხედური მსვლელობა, ხოლო ფრანგებმა რუსებს ტურნირზე პირველი და საბედისწერო მარცხი აგემეს.
 
ფინალში გასვლით საფრანგეთმა და ესპანეთმა უკვე მოიპოვეს 2012 წლის ოლიმპიადის საგზურები, თუმცა 18 სექტემბერს არანაკლებ მნიშვნელოვანი ტიტულისთვის – ევროპის ჩემპიონობისთვის მოუწევთ ერთმანეთში ბრძოლა.
 

 
როგორც მოსალოდნელი გახლდათ, რუსულ-ფრანგულ დაპირისპირებაში თავი ნბა-ში მოთამაშე კალათბურთელებმა გამოიჩინეს. ფრანგებს ტონი პარკერმა (22) და ნიკოლა ბატუმმა (19) ულიდერეს, რუსთა უმთავრესმა ვარსკვლავმა ანდრეი კირილენკომ კი 21 ქულა ჩააგდო.
 
საფრანგეთის ნაკრებს ევრობასკეტზე გამართული ათი მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს წაგებული და ისიც, მომავალ მეტოქე ესპანეთთან. ვინსენ კოლეს შეგირდები სერჯიო სკარიოლოს ბიჭებს ევროპის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ და 69:96 განადგურდნენ. თუმცა იმ მატჩში ფრანგებმა ძალები დაზოგეს – მწვრთნელს მოედანზე ტონი პარკერი არ გამოუყვანია, ხოლო იოაკიმ ნოა რამდენიმე წუთს ათამაშა. ის იყო მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი და დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ პირველ ადგილს დაიკავებდა და ვინ მეორეს.
 
ფინალური მატჩი კაუნასში 18 სექტემბერს შედგება, იმავე დღეს კი მესამე ადგილისთვის მაკედონია და რუსეთი ითამაშებენ.
 
ევროპის ჩემპიონატი. ნახევარფინალი. ლიტვა. კაუნასი. 16 სექტემბერი
ესპანეთი 92:80 მაკედონია
საფრანგეთი 79:71 რუსეთი