ევროპირველობის დაწყებამდე 1 დღით ადრე ქართველმა 20-წლამდელებმა “საკო არენაზე” ივარჯიშეს

ევროპირველობის დაწყებამდე 1 დღით ადრე ქართველმა 20-წლამდელებმა “საკო არენაზე” ივარჯიშეს

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ტალინშია და „საკო არენაზე“, სადაც ხვალ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველ მატჩს გამართავს, დღეს ივარჯიშა. დავით უსტიაშვილის გუნდი ჯგუფში სერბეთთან, საბერძნეთთან, ლიტვასთან და გერმანიასთან მოხვდა. ჯგუფიდან რომ გავიდეს, ქართველები საუკეთესო სამეულში უნდა მოხვდნენ, თუ არადა, A დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად უნდა იბრძოლონ. ტალინში იქაური ამბების გასაგებად ნაკრების მთავარ მწვრთნელს შევეხმიანეთ.
 
– ტალინში დღეს, გამთენიისას ჩამოვედით, დავბინავდით, დავისვენეთ და საღამოს ვივარჯიშეთ – გვითხრა დავით უსტიაშვილმა.
– როგორი პირობებია?
– იმ სასტუმროში მოვეწყვეთ, სადაც შარშან საქართველოს ეროვნული ნაკრები ცხოვრობდა, როცა ტალინში საერთაშორისო ტურნირზე სათამაშოდ იყო ჩამოსული. პირობები იდეალურია, ყველაფერია საიმისოდ, რომ გუნდის წევრები მხოლოდ თამაშზე იყვნენ კონცენტრირებულნი.
– ტრავმების მხრივ როგორი ვითარებაა?
– რაც ყველაზე არასასიამოვნო იყო, ბექა ბურჯანაძე ესტონეთში წამოსვლის წინ გამოგვაკლდა. ის ჩვენი გუნდის ლიდერია და ეროვნულ ნაკრებშიცაა გამოძახებული. მისი დიდი იმედი გვქონდა, ბევრი კომბინაცია ბურჯანაძეზე გვქონდა აწყობილი დ ამისი გამოკლება უდიდესი დანაკლისი იქნება. დანარჩენები, საბედნიეროდ, მწყობრში არიან და მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა საქართველო ირსეულად გამოვიდეს ევროპის ჩემპიონატზე.
– ხვალ გერმანიას ეთამაშებით. რამე დამატებითი ინფორმაცია ხომ არ გაქვთ მეტოქეზე?
– გერმანელებს შევხვდით და როგორც ვნახეთ, იგივე გუნდია, რაც იტალიაში, საერთაშორისო ტურნირზე იყო. იტალიაში გერმანელებს მატჩის დიდი ნაწილი ვუგებდით და ბოლოს დავმარცხდით. ვნახოთ აქ რა იქნება. ვეცდებით, ჩვენი მაქსიმუმი გამოვავლინოთ და წარმატებას მივაღწიოთ.
– რამდენად რეალურია ჯგუფიდან გასვლა და რა იქნება ჩვენი ნაკრების მაქსიმუმი?
– ურთულეს ჯგუფში ვართ. საუკეთესო სამეულში მოსახვედრად თუ მონდომებასთან ერთად იღბალიც გვინდა. ნაკრების პროგრამა მინიმუმი A დივიზიონში დარჩენა იქნება. მაქსიმუმზე ნუ ვილაპარაკებთ. ჩვენ ყველა მატჩზე მოსაგებად გავდივართ და მიზანიც მზოლოდ ეს არის.
– ხვალ უნდა ივარჯიშოთ?
– ვარჯიში 8 საათზეა დანიშნული, რადგან თამაში აქაური დროით 2-ის ნახევარზე გვაქვს. ასე ადრიანად გუნდს ვერ ვავარჯიშებ, 7 საათზე, მატჩის დღეს რომელი მოთამაშე უნდა ადგეს?! 
საქართველოს ნაკრების კალენდარი
9 ივლისი
გერმანია – საქართველო        14:30
11 ივლისი
საქართველო – ლიტვა           19:00
12 ივლისი
საბერძნეთი – საქართველო   16:45
13 ივლისი
საქართველო – სერბეთი        14:30