ევროპის ჩელენჯერი დღეს თბილისში იწყება – ნაკრების წევრების ვიდეოკომენტარები

ევროპის ჩელენჯერი დღეს თბილისში იწყება – ნაკრების წევრების ვიდეოკომენტარები

დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში სტარტს აიღებს ევროჩელენჯერი 20-წლამდელთა შორის, რომელშიც საქართველოსთან ერთად საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, თურქეთისა და ბულგარეთის ნაკრებები იასპარეზებენ. 

თამაშები 20, 21, 22, 24 და 25 ივლისს გაიმართება. 23 ივლისი დასვენების დღეა. გუნდები ერთ ჯგუფში არიან თავმოყრილნი და ერთმანეთს თითოჯერ შეხვდებიან. გამარჯვებულიც ერთი წრის შემდეგ გამოვლინდება. დღეში ყოველდღიურად 3 მატჩი ჩატარდება – 14:00, 17:00 და 20:00 საათებზე. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ყველა შეხვედრას 20:00 საათზე ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის, რომელშიც 22 ქვეყნის ნაკრებს უნდა მიეღო მონაწილეობა, საქართველოს 2020 წლის ზაფხულში უნდა ემასპინძლა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ეს ტურნირი ჯერ 2021 წლისთვის გადაიდო, ხოლო მოგვიანებით არსებული ფორმატით ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაც გაუქმდა. ფიბა-მ A და B დივიზიონების მიხედვით ნაკრებების დაყოფა გააუქმა და სურვილისამებრ, მცირეგუნდიანი, ეგრეთ წოდებული ჩელენჯერების ჩატარების რეკომენდაცია გასცა. 20-წლამდელებში მთლიანობაში 4 ჩელენჯერის ჩატარება დაიგეგმა, რომელთაგან ერთ-ერთს, 20-დან 25 ივლისის ჩათვლით, თბილისი უმასპინძლებს, დანარჩენები კი ჩეხეთში, უნგრეთსა და საბერძნეთში გაიმართება.

თამაშები თბილისის სპორტის სასახლეში (26 მაისის მოედანი N1 ) გაიმართება და მაყურებელთა დასწრება თავისუფალი იქნება.