დამთავრდა ევროთასის მეორე ჯგუფური ეტაპი და გამოვლინდა ის 8 გუნდი, რომლებიც მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ ბრძოლას. მათ შორის მხოლოდ „ესტუდიანტესია“, რომელშიც საქართველოს მოქალაქე – ტაირონ ელისი თამაშობს. კიდევ ერთი ჩვენიანის გუნდი გავიდა პლეი ოფში, თუმც ბექა ბურჯანაძეს სევილიურ „კახასოლში“ თამაში არ უწევს და ბოლო მატჩებში განაცხადშიც არ ჩანს.
ევროთასს ემშვიდობება საქართველოს ნაკრების ამერიკელი უკანახაზელი ტორინ გრინი. მისმა „გრან კანარიამ“ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სტუმრად დრამატულ ბრძოლაში სერბულ „ჰემოფარმთან“ 74:75 წააგო. გრინი თავისიანთაგან ერთ–ერთი საუკეთესო იყო და 24 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა, ამდენივე ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. ტორინმა 4–დან 2 ორქულიანი და 6–დან 1 სამიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი ექვსივეჯერ შეუცდომლად ესროლა. საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით გრინი თავის გუნდში მხოლოდ სპენსერ ნელსონს ჩამორჩა.
„გრან კანარიასთვის“ ეს იყო ბოლო მატჩი მიმდინარე სეზონში. კუნძულელებმა ჯგუფური ეტაპი 2 მოგებითა და 4 მარცხით მესამე ადგილზე დაასრულეს. მათი ჯგუფიდან მეოთხედფინალში რუსული „უნიკსი“ და ხორვატიული „ცედევიტა“ გავიდნენ.
ტაირონ ელისის „ესტუდიანტესმა“ კი ბოლო ტურში შინ 71:69 მოუგო თურქულ „გალათასარაის“ და 6 მატჩიდან 5 გამარჯვებით ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. დასკვნით მატჩში ელისი შედარებით მოკრძალებული იყო. მან 18,50 წუთი ითამაშა და შეხვედრა 3 ქულითა და 1 პასით დაასრულა.
ბურთითაა ტორინ გრინი