ევროტურში გამგზავრებამდე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა

ევროტურში გამგზავრებამდე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში 9 საკონტროლო მატჩს გამართავს და გაივლის შეკრებებს ესტონეთში, ბულგარეთში, ჰოლანდიასა და ბელგიაში.
12-14 ივლისს გია კაზანჯიანის გაწვრთნილი 16-წლამდელები ესტონეთის ნაკრებთან 2 საკონტროლო მატჩს გამართავენ, ხოლო 16-18 ივლისს ბულგარეთში ამ ქვეყნის 16-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდება, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდება სამწვრთნელო შეკრებას თბილისში გააგრძელებს.
28-30 ივლისს საქართველოს ნაკრები შეკრებას ჰოლანდიაში გაივლის და ქალაქ ვირტში, ჰოლანდიელ თანატოლებთან 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ქართველები ჰოლანდიიდან ბელგიაში გადაინაცვლებენ და ლიეჟში საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნულ ტურნირში საქართველოსა და ბელგიასთან ერთად შვეიცარია და პორტუგალიაც იასპარეზებენ.
ამისთ ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპი დასრულდება. კონტინენტის პირველობის B დივიზიონს ბოსნიის დედაქალაქი სარაევო უმასპინძლებს, სადაც ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან ბელარუსი, უნგრეთი, ჩეხეთი, ლუქსემბურგი და ავსტრია.
 

 
ესტონეთში ქვემოთმოყვანილი 12 კალათბურთელი გაემგზავრება, საიდან დაბრუნების შემდეგ ნაკრებს მწვრთნელის გადაწყვეტილებით 2 მოთამაშე გამოაკლდება და 3 კალათბურთელი დაემატება: ნოდარ სანაია, გიორგი ცირეკიძე და რატი ნუცუბიძე. 9 საკონტროლო მატჩში ხსენებული 15 კალათბურთელი მიიღებს მონაწილეობას და თუ ვინ იქნებიან ესენი, ამას მწვრთნელი შეკრებებს შორის პერიოდში გადაწყვეტს.
 
 
 

ვარჯიშის შემდეგ კომენტარი გააკეთა მთავარმა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა:
– მართალია, 210-ს გადაცილებული ერთი კალათბურთელიც არ გვყავს, მაგრამ საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებს თუ გადავხედავთ, ერთ-ერთი ყველაზე ტანმაღალი კადეტთა ნაკრებია. 
– ეს მატჩები ჩვენს კალათბურთელებს ძალიან წაადგებათ, გამოცდილებას მიიღებენ და ოფიციალური შეხვედრებისთვის სათანადოდ მოემზადებიან. სათამაშო პრაქტიკა ბევრს ნიშნავს. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და შესარჩევი ეტაპის კარგად დაგეგმვისთვის მადლობა გადავუხადო კალათბურთის ფედერაციას. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 16-წლამდელთა ნაკრების ბიჭები საქმეს პროფესიონალურად ეკიდებიან, ძალიან მონდომებულები, ერთ მუშტად შეკრულნი არიან, რაც შედეგზეც უნდა აისახოს.