FIBA-ს გამოხმაურება საქართველო-ესპანეთის მატჩზე

FIBA-ს გამოხმაურება საქართველო-ესპანეთის მატჩზე

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს  –  საქართველო-ესპანეთი, რომელიც ევრობაკეტ-2022-ისთვის  ახალაშენებულ „თბილისი არენაში“ ჩატარდა საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციისგან (FIBA) ბრწყინვალე გამოხმაურება მოჰყვა.

ოფიციალური წერილის მიხედვით, ფიბას გენერალურმა მდივანმა ანდრეას ზაგკლისმა  საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას პერსონალურად მოულოცა პირველი ოფიციალური მატჩის გამართვა ახალ „თბილისი არენაზე“ და აღნიშნა, რომ  გულშემატკივრით სავსე არენისა და ეროვნული ნაკრების შთამბეჭდავი შედეგის სატელევიზიო კადრებმა ახალი დარბაზის  გახსნა  ნამდვილად ისტორიულად წარმოაჩინა.

წერილის მიხედვით ანდრეას ზაგკლისმა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან უახლოეს მომავალში შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა და  ფედერაციის მთელ გუნდს წარმატებები უსურვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო-ესპანეთის მატჩს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფიბას მარკეტინგის დეპარტამენტისგან, რომელმაც კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ელ-ფოსტის საშუალებით მიულოცა ახალ დარბაზში პირველი თამაშის ჩატარება, რომელიც სატელევიზიო პერსპექტივიდან დიდებულად გამოიყურებოდა და ფიბას მარკეტინგის გუნდისგან საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია საუკეთესო ბრენდინგისთვის ოქროს მედალს მიიღებს.