განადგურებული სიენა და 100-პროცენტიანი სანიკიძე

განადგურებული სიენა და 100-პროცენტიანი სანიკიძე

ვიქტორ სანიკიძე იყო ერთადერთი ნათელი წერტილი სიენელთა გუნდში, რომელიც უშუალო კონკურენტ „დინამო სასარისთან“ მთელი 30 ქულით – 66:96 დამარცხდა. „სიენამ’ სეზონის ყველაზე უხეირო მატჩი ჩაატარა და უიმედო მარცხი განიცადა.
 
სანიკიძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა, თუმცა მოედანზე მხოლოდ 18 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა როგორც თამაშიდან, ისე საჯარიმოს ხაზიდან ყველა სროლა ჩააგდო. საბოლოოდ ვიქტორმა 4 საჯარიმო, 2 სამიანი და 1 ორიანი მიითვალა და მთლიანობაში 12 ქულა დააგროვა, რასაც 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა. ქართველ კალათბურთელს სიენელთაგან ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი (19) დაუგროვდა, მაგრამ მთლიანობაში გუნდმა ვერ ივარგა და სეზონის ყველაზე გამანადგურებელი მარცხი იწვნია.
 
ამ წაგების შემდეგ ვიქტორ სანიკიძის „სიენას“ მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუ“ წამოეწია. ორივე გუნდს 11 მოგება და 4 მარცხი აქვთ და ცხრილში IV-V ადგილებს ინაწილებენ. მომდევნო ტურში, 21 იანვარს, „სიენა“ „რეჯიო ემილიას“ უმასპინძლებს, ხოლო „კანტუ“ ერთი დღით ადრე ვენეციაში „უმანას“ დაუპირისპირდება.