განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ თორნიკე შენგელია 2018 წლის საუკეთესო ლეგიონერად აღიარა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ თორნიკე შენგელია 2018 წლის საუკეთესო ლეგიონერად აღიარა

თორნიკე შენგელია 2018 წლის საუკეთესო ლეგიონერია. ეს აღიარება საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური “ბასკონიას” კაპიტანს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიანიჭა. ტრადიციულად, სპორტის მმართველი სამთავრობო ორგანო დეკემბრის ბოლოს წლის შემაჯამებელ გალა-დაჯილდოვებას აწყობს, რომელსაც წლეულს რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა. 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გამოავლინა. მან სცენაზე მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ძალოსანს, მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენ ლაშა ტალახაძეს უხმო. ტალახაძის გარდა წლის სპორტსმენის ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი, ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი და ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

თორნიკე შენგელიამ 2011 წელს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ანალოგიურ დაჯილდოვებაზე წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის პრიზი მიიღო. შენგელია იმედები გაამართლა და ის როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების, ისე ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. შენგელიასთვის 2018 წელი გამორჩეული გახლდათ. ის ევროლიგის საუკეთესო მოთამაში პრიზისთვისაც იბრძოდა, თუმცა ამ მიღწევამდე მცირედი დააკლდა და სააბოლოოდ სიმბოლურ ხუთეულში ფორვარდის პოზიციით შევიდა. შენგელია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის კაპიტანი და ლიდერია. ის გასულ წელს პერიოდულად ხდებოდა ტურისა და თვის საუკეთესო მოთამაშე ესპანეთის ჩემპიონატში. ასევე რამდენჯერმე დაიმსახურა ტურის MVP-ის ტიტული ევროლიგაში.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გალა-დაჯილდოვებაზე კალათბურთის სფეროდან ზაზა ფაჩულიაც გამოარჩიეს. მას, ლევან გოგოძეს (სუმო) და ნიკოლოზ ბასილაშვილს (ჩოგბურთი) სეციალური პრიზები გადაეცათ. 

რაც შეეხება სხვა ნომინაციებს და გამარჯვებულებს:

2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი – ნინო ოძელაშვილი (სამბო)

2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – რევაზ დავითაძე (ძალოსნობა)

2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში – ლევან საგინაშვილი (მკლავჭიდი)

2018 წლის საუკეთესო მსაჯი – ელისო ბედოშვილი (მხატვრული ტანვარჯიში)

2018 წლის საუკეთესო ფედერაცია: ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

2018 წლის საუკეთესო გუნდი – ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

2018 წლის საუკეთესო მენეჯერი – ლევან კობიაშვილი (ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი).

2018 წლის საუკეთესო მწვრთნელი: გიორგი ასანიძე (ძალოსნობა)

2018 წლის საუკეთესო პარასპორტსმენები: ირმა ხეცურიანი (პარამოფარიკავე), ზვიად გოგოჭური (პარაძიუდო)

წლის აღიარება – ქართული ჭიდაობისთვის მსოფლიოს არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსის მინიჭება

სპეციალური პრიზები ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის:

2018 წელს ნაჩვენები მაღალი სპორტული შედეგებისთვის დაჯილდოვდა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე.

2018 წლის აღმოჩენა: გიორგი ჩაკვეტაძე (ფეხბურთი)

საერთაშორისო აღიარება: ზვიად პატარიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო პერსონალი

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის უმაღლეს დონეზე ჩატარებისთვის დაჯილდოვდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

სპორტისა და ოლიმპიზმის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენიც დაასახელა. ჯილდო ერთი წლის დაგვიანებით გადაეცა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს.