გარდაიცვალა ფიბას გენერალური მდივანი – პატრიკ ბაუმანი

გარდაიცვალა ფიბას გენერალური მდივანი – პატრიკ ბაუმანი

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფიბა-ს გენერალური მდივნისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრის, ბატონი პატრიკ ბაუმანის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. არგენტინაში, ბუენოს აირესის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მყოფ ბაუმანს გულის შეტევა მოუვიდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ბაუმანი გახლდათ ფიბას რიგით მე-3 გენერალური მდივანი უილიამ ჯონსისა და ლეგენდარული ბორისლავ სტანკოვიჩის შემდეგ. ის ამ პოსტზე 2002 წელს დაინიშნა და მისი დიდი ძალისხმევის შედეგად მსოფლიოში კალათბურთი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა, პოპულარული გახდა და ცენტრალიზებულ სისტემაში მოექცა. 

“მთელი ფიბა-ს ოჯახის სახელით მინდა ღრმა სიმპათია გამოვხატო  და ვუთანაგრძო პატრიკის ცოლს, პატრიციას და მისი ოჯახის წევრების. ჩვენი ფიქრები და ლოცვა მათ მიმართ არის ამ მძიმე მომენტში მიმართული – განაცხადა ფიბა-ს პრეზიდენტმა ჰორაციო მურატორემ – პატრიკი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ფიბას გენერალური მდივანი და ოლიმპიური კომიტეტის წევრი. ის ჩემი და საკალათბურთო, სპორტული სამყაროს მრავალი წარმომადგენლის ახლო მეგობარი გახლდათ. მისი ხელმძღვანელობით ფიბა დაიხვეწა, უფრო მოდერნიზებული გახდა და მჭიდრო კავშირები დაამყარა ეროვნულ ფედერაციებთან. მისი თაოსნობით ფიბა-ს მმართველობის სტრუქტურაში რადიკალური და პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა. ფიბა-ს შტაბ-ბინა ჟენევიდან გადავიდა, ასევე განვითარდა 3×3 კალათბურთი, რომელიც ოლიმპიურ ოჯახში ცალკე დისციპლინად გაწევრიანდა”.

შვეიცარიაში, 1967 წელს დაბადებული პატრიკ ბაუმანი გახლდათ ყოფილი კალათბურთელი, მწვრთნელი და მსაჯი, რომელმაც ფიბა-ში მუშაობა 1994 წელს იურისტად დაიწყო, ხოლო 1995 წლიდან ის გახლდათ ფიბას გენერალური მდივნის მოადგილე. 

პატრიკ ბაუმანს სოლიდური განათლება ჰქონდა მიღებული. მან დაამთავრა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი ჩიკაგოს ბიზნესის სკოლაში, მიიღო სპორტის ადმინისტრირების მაგისტრის წოდება ლიონის უნივერსიტეტში, ხოლო ლოზანის უნივერსიტეტში დაეუფლა იურისპრუდენციას. პატრიკ ბაუმანი 2007 წლიდან ოლიმპიურ მოძრაობაში ჩაერთო და არაერთ ოლიმპიადაზე მნიშვნელოვან რგოლებს ხელმძღვანელობდა. 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, ტომას ბახის გადაწყვეტილებით მათ შტაბ-ბინასთან და არგენტინაში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ოლიმპიური დროშები 3 დღის განმავლობაში იქნება დაშვებული. ბუენოს აირესის ოლიმპიურ სოფელში კი ფიბას გენერალური მდივნის მემორიალი მოეწყობა.

51 წლის პატრიკ ბაუმანს მეუღლე და 2 შვილი დარჩა.