გარდაიცვალა ვლადიმერ უგრეხელიძე

69 წლის ასაკში გარდაიცვალა სახელოვანი ქართველი კალათბურთელი ვლადიმერ (პტიცა) უგრეხელიძე. ეს ზედმეტსახელი ალბათ არავისთვისაა უცხო. უგრეხელიძეს „პტიცა“ ხომ იმიტომ შეარქვეს, რომ იგი თავის დროზე წარმოუდგენლად მაღლა ხტებოდა და ჰაერში გაჩერების, დაყოვნების უნიკალური უნარი გააჩნდა.
ალექსანდრე გომელსკიმ, როცა გასული საუკუნის 80–იან წლებში მოსკოვში ამხანაგური მატჩების გასამართად ჩასული ამერიკელების თამაშის სატელევიზიო რეპორტაჟს უძღვებოდა, თქვა: სულაც არ მიკვირს ახლა ამ ამერიკელების ფრენა და ჰაერში გამოკიდება, ამას კარგა ხნის წინ აკეთებდა თბილისის „დინამოს“ უნიკალური კალათბურთელი ვლადიმერ უგრეხელიძეო. კალათბურთის სტაჟიანი გულშემატკივრები იხსენებენ, რომ როცა „პტიცა“ სასროლად ახტებოდა და მას მეტოქეებიც აჰყვებოდნენ, უგრეხელიძე ჰაერში ყოვნდებოდა, ელოდებოდა მცველების ფიცარნაგზე დაშვებას და როცა ხელს აღარავინ უშლიდა, მშვიდად ათავსებდა ბურთს კალათშიო.  ერთი სიტყვით, ვლადიმერ უგრეხელიძე იმ დროის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე იყო და როგორც სპორტსმენმა, დიდ წარმატებებსაც მიაღწია.
იგი დაიბადა 1939 წლის 18 აგვისტოს ქალაქ თბილისში, კალათბურთის თამაში კი 1956 წელს მწვრთნელ მერაბ კეკელიძესთან დაიწყო. 1958–74 ლებში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას. არის საბჭოთა ჩემპიონატების ოქროს (1968), ვერცხლის (1959, 1960, 1961, 1969) და ბრინჯაოს (1965) მედალოსანი, სსრკ თასის (1969) და ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის (1962) მფლობელი, ევროპის ქვეყნების თასის მფლობელთა თასის გათამაშების ფინალისტი. სსრკ ქალაქების ნაკრები გუნდების ტურნირის გამარჯვებული (1959) და მესამე პრიზიორი (1967).
სანაკრებო კარიერა: საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი (1961), ოლიმპიური თამაშების ვერცხლის (1960) და მსოფლიოს ჩემპიონატის (1963) ბრინჯაოს მედლების მფლობელი.
ვლადიმერ უგრეხელიძეს 1971 წელს მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება.
ყველასთვის საყვარელ კალათბურთელს დღეს, 3 თებერვალს, 14 საათზე, ვერის საკალათბურთო დარბაზიდან გამოასვენებენ.