დავით როგავასა და გიორგი ლაშქარაძის გაწვრთნილმა გაუ-მ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული “ქუთაისი” სტუმრად დაამარცხა. ამ გამარჯვებით ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდმა ნახევარფინალური სერია გაათანაბრა, რითაც მოედნის უპირატესობა მოიპოვა და თბილისში ფინალის საგზურის მოპოვებას ეცდება.
გაუ რომ სუპერლიგის ერთ-ერთი მებრძოლი გუნდია, კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდი პლეი ოფიდან გავარდნის ზღვარზე იყო – მეოთხედფინალურ სერიას 0:2 აგებდა, მაგრამ 26 წის წინანდელი “ვითას” შედეგი გაიმეორა, ტყიბულის ორბი მიჯრით 3-ჯერ დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი გაუ-მ გუშინ თითქმის უშანსოდ წააგო, თუმცა დღეს, ქუთაისის დარბაზში ისე ითამაშა, ამ სეზონში რომ არავის უთამაშია. პირველ ნახევარში გაუ-მ მასპინძლებს 60 ქულა ჩაუგდო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. თამაშის ბოლო პერიოდი ახალი დაწყებული იყო, გაუ-ს უპირატესობამ 20 ქულას რომ გადააჭარბა. საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ გაუ-მ ქუთაისი 18 ქულით დაამარცხა და თითქმის გუშინდელი ანგარიში, ოღონდ პირუკუ გაიმეორა – 108:90 (სტატისტიკა). შეგახსენებთ, რომ გუშინ ქუთაისელებმა 107:90 იმარჯვეს.
ეს გამარჯვება გაუ-ს მთელი გუნდის დამსახურება გახლდათ, თუმცა გამოსარჩევია რამდენიმე კალათბურთელი. უპირველესად გუნდის კაპიტანი, ივანე მეგენეიშვილი, რომელმაც მიმდინარე სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა – 21 ქულა, 10 მოხსნა. ივამ თამაშიდან მხოლოდ 1 ბურთი ააცილა. დიდებული შედეგიანობით გამოირჩა თევის სმიტი, რომელმაც 32 ქულა და 9 პასი მიითვალა. და რა თქმა უნდა, მიქაელ უგრეხელიძე, რომელმაც 20 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. ქუთაისელთაგან 22 ქულით დეტრეკ ბრაუნინგი გამოირჩა. 17 ქულა ჰქონდა გიორგი კორსანტიას.
ნახევარფინალური სერია დედაქალაქში გადმოინაცვლებს, სადაც თბილისი არენაზე 14 და 15 მაისს სერიის მე-3 და მე-4 მატჩები გაიმართება.
მატჩის სრული ვიდეო-რეპორტაჟი