გია კაზანჯიანი: რუმინეთთან მხოლოდ მოგებას ვგეგმავთ

გია კაზანჯიანი: რუმინეთთან მხოლოდ მოგებას ვგეგმავთ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მაკედონიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მასპინძელთა ნაკრებს დრამატულ ბრძოლაში 1 ქულით მოუგო და ჯგუფიდან გასასვლელად დღეს რუმინეთის დამარცხება სჭირდება. ჩვენი ჯგუფის ფავორიტი ინგლისია, რომელმაც ვადაზე ადრე გაინაღდა მომდევნო ეტაპის საგზური, დანარჩენ გუნდებს შორის კი მეორე საგზურისთვის უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობს.
 

 
– ინგლისის გარდა ჯგუფის ყველა წევრი თანაბარი ძალისაა. რუმინეთი, ლუქსემბურგი, მაკედონია და ჩვენ – ამ გუნდებს შორის ვინ ვის მოუგებს, ძნელი სათქმელია. ამიტომ, მომდევნო ეტაპზე გამსვლელი მეორე გუნდის ვინაობა ბოლო ტურამდე არ გაირკვევა – გვითხრა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა, მაკედონიაში რომ შევეხმიანეთ.
– ბოლო ტურში რუმინეთს ვხვდებით. რამდენად გვაქვს წარმატების იმედი?
– როგორც აღვნიშნე, ძალები თანაბარია. ძნელია, წინასწარ თქვა, ვინ გაიმარჯვებს. რუმინეთს ლუქსემბურგმა მოუგო, სამაგიეროდ რუმინელებმა მაკედონია დაამარცხეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედიანად ვართ და მხოლოდ გამარჯვებას ვგეგმავთ.
– მაკედონიასთან მატჩზე რას იტყვით?
– ძნელია სიტყვებით გადმოვცე ის დაძაბულობა, რომელიც ამ მატჩს ახლდა. მასპინძლეთა მხარდასაჭერად დარბაზში საკმაოდ ბევრი ქომაგი შეიკრიბა. თან თამაში დაძაბული გამოდგა და მაყურებელიც სულ მომართული იყო, რაც ჩვენზე მოქმედებდა. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, რასაც უდიდესი ძალები შევალიეთ.
– ბოლოსწინა წამზე მაკედონიელმა უკანახაზელმა საჯარიმო ააცილა, თორემ თამაში მეორე ოვერტაიმში გადადიოდა…
– საქმე ამ საჯარიმომდე არ უნდა მიგვეყვანა. საფინალო სირენამდე 70 წამით ადრე 5 ქულას ვიგებდით, როცა მაკედონიელებმა შემთხვევითი, რომ იტყვიან, გადაგდებული სამქულიანი ჩაგვიგდს. მერე ამას მოჰყვა ტაქტიკური ჯარიმები, ჩვენებმა ზუსტი მიზანი ვერ გამოიჩინეს და საბოლოოდ საქმე იმ სროლებამდე მივიდა, რითაც მაკედონიელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ. საბედნიეროდ, მეტოქემ ვერ შეძლო ორივე სროლის ჩაგდება და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.
– როგორ ფორმაში ხვდებით რუმინეთთან მატჩს?
–  გიორგი ამირხანაშვილს მაკედონიასთან ვირუსის გამო არ უთამაშია, თორნიკე ქიტოშვილს კი ოდნავ ფეხი აწუხებს. არ ვიცი, შეძლებენ თუ არა დღეს ისინი მოედანზე გასვლას.