გია კაზანჯიანი: ტურნირის ოთხივე მატჩს მაქსიმალურად გამოვიყენებთ

გია კაზანჯიანი: ტურნირის ოთხივე მატჩს მაქსიმალურად გამოვიყენებთ

ერევანში გუშინ მემორიალური ტურნირი დაიწყო, რომელშიც საქართველოსა და სომხეთის გუნდები მონაწილეობენ. ვიტალი ზასტუხოვისა და ჯემი ისრაელიანის ხსოვნის ტურნირზე გოგონათა და ვაჟთა გუნდები გამოდიან. ერევანში თბილისიდან 2 გუნდი გაემგზავრა – „აკადემიის“ 16–წლამდელები და საქართველოს 15–წლამდელთა ნაკრები. გუშინ აკადემიელებმა ერევნის „დინამო“ 54:40 დაამარცხეს, 15–წლამდელთა ნაკრები კი ისვენებდა. დღეს ქართული გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან. ერევანიდან 15–წლამდელების მწვრთნელ გია კაზანჯიანი გვესაუბრება.

 
– პირველ დღეს ისვენებდით და ხომ არ გივარჯიშიათ?
– არა, რადგან დაგეგმილი იყო ჩვენი მატჩი და ირანული გუნდის ჩამოუსვლელობის გამო არ ჩატარდა. გუშინ გახსნის ცერემონიალი ჩატარდა, რის შემდეგაც მატჩები გაიმართა და დარბაზი მთელი დღის განმავლობაში დაკავებული იყო. ვაჟთა ტურნირის პარალელურად გოგონებიც თამაშობენ.
– გუშინდელი თამაშების გათვალისწინებით, ტურნირზე წარმატების შანსი რამდენად რეალურია?
– შედეგზე მეტად ჩვენ სხვა რამე გვაინტერესებს. აქ ასაკით პატარა მოთამაშეებით ჩამოვედით. რამდენიმე კალათბურთელი სულაც 13 წლისაა. გვაინტერესებს, როგორი თაობა მოდის, გვსურს პერსპექტიული მოთამაშეები გამოვცადოთ. გუნდები სუსტები არ არიან. „აკადემიამ“ ერევნის „დინამოს“ 14 ქულით მოუგო. დინამოელთა გარდა ტურნირში „შირაქი“ და კლუბი „ერევანი“ მონაწილეობს. ოთხივე თამაშს მაქსიმალურად გამოვიყენებთ.