საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები დღეს გამთენიისას თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში გაემგზავრა, სადაც საკმაოდ წარმომადგენლობით საერთაშორისო ამხანაგურ (ტურკ ტელეკომის) ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
გაზიანთეფში თავს ევროპის, აზიის და ცენტრალური ამერიკის წამყვანი ნაკრებები მოიყრიან თავს. ჯგუფში საქართველოსთან ერთან საფრანგეთი, სლოვენია, ჩინეთი, ირანი და ბულგარეთი მოხვდნენ. მეორე ჯგუფი კი თურქეთმა, რუსეთმა, პუერტო რიკომ, გერმანიამ, უკრაინამ და რუმინეთმა შეადგინეს.
ჯგუფებში საუკეთესო 2-2 გუნდი ნახევარფინალში გავა, მესამე-მეოთხეები მეხუთე-მერვე ადგილებს გაინაწილებენ, ხოლო ჯგუფში მეხუთე-მეექვსე გუნდები მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის იბრძოლებენ. ყველა ნაკრებს თანაბარი რაოდენობის მატჩების გამართვა მოუწევთ: ჯგუფში 5-ის, შემდეგ კი 2-ის.
ქართველი კალათბურთელები თურქულ ტურნირს 5 თებერვალს, საფრანგეთთან მატჩით გახსნიან, 6-ში ჩინეთთან შეხვედრაა, 7-ში – ირანთან, 8-ში – სლოვენიასთან, ხოლო 9-ში – ბულგარეთთან.
“ტურკ ტელეკომის” ტურნირი ტრადიციული და საკმაოდ პრესტიჟულია. მასში სხვადასხვა დროს დირკ ნოვიცკის, ტონი პარკერს, ჰიდაიეთ თურქოღლუს, პეჯა სტოიაკოვიჩს და სხვა ვარსკვლავებს უთამაშიათ.
თურქეთში გამგზავრებამდე 16-წლამდელთა ნაკრებმა 10-დღიანი შეკრება დუშეთის სპორტულ კომპლექსში გაიარა, ხოლო გასულ სამშაბათს 18-წლამდელთა ჩემპიონატის კალენდარულ მატჩში “ორბს” დამაჯერებლად მოუგო.
16-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა თურქეთში ეს შემადგენლობა წაიყვანა:
უკანახაზელები: ზეზვა ლილუაშვილი (აკადემია), ნუგზარ აბულაძე (ზაზა), ნიკა ამირხანაშვილი (აკადემია)
ფორვარდები: ბექა დარახველიძე (აკადემია), სანდრო ბოლქვაძე (ჰიუნდაი), საბა ჯაყელი (აკადემია), ედუარდ ლომთაძე (ავერსი), ნიკა ღურწკაია (აკადემია), კახა ტომარაძე (ჰიუნდაი)
ცენტრები: არჩილ პულუზაშვილი (ზაზა), ბადრი ჭიხვარია (სსაუ), გიორგი ქობალავა (აკადემია).
მთავარი მწვრთნელი: გია კაზანჯიანი
მწვრთნელები: ირაკლი ტომარაძე, დიმიტრი ჟაკობოვი
გუნდის უფროსი: გელა წულაძე