გიორგი შერმადინი “ტენერიფეს” შემადგენლობაში ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

გიორგი შერმადინი “ტენერიფეს” შემადგენლობაში ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საპატიო ტიტული – ჩემპიონთა თასი მოიგო. შერმადინმა ჩემპიონთა ლიგის აქამდე გამართულ მატჩებიდან აბსოლუტურ უმრავლესობაში ტენერიფელებს ერთპიროვნულად ულიდერა – იგი თითქმის ყველა მატჩის MVP გახდა და ქართველი ცენტრის წილი ტენერიფელთა ამ წარმატებაში შეუფასებლად დიდია. 

ფინალურ მატჩში, რომელსაც ბილბაომ უმასპინძლა, ტენერიფემ თანამემამულე “ბაქსი მანრესა” 98:87 დაამარცხა და საპატიო ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეპატრონა.

ეს არ იყო ორი კალათბურთელის მატჩი, რომელშიც უერტასი-შერმადინის დუეტი ქულების უმეტესობას აგროვებს. „მანრესასთან“ ყველა ტენერიფელმა მაღალ დონეზე ითამაშა. კუნძულელებმა 24-დან 13 სამქულიანი ჩააგდეს.

გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელშიც „ტენერიფემ“ 33:17 მოიგო, 15 ქულით დაწინაურდა და საბოლოოდ გამარჯვებამდე იოლად მივიდა. 

მარსელინიო უერტასმა 13 ქულას 14 პასი მიამატა, შერმადინმა 19 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. სასუ სალინმა 18 ქულა ჩააგდო, კაილ ვილტიემ – 17.

ტურნირის საუკეთესო კალათბურთელი ბრაზილიელი უერტასი გახდა. იგი გუნდის კაპიტანია, თუმცა თასი მარტომ არ ასწია – გიორგი შერმადინთან ერთად დუეტში აღმართა, რითაც ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლის როლს ამ ტიტულის მოგებაში. შერმადინი დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველოს ეროვნული დროშით გავიდა, ისევე როგორც მარსელინიო თავისი ქვეყნის – ბრაზილიის დროშით.