გიორგი შერმადინი: “მაკაბისთან” კონტრაქტზე საუბარი ამ ეტაპზე არაკორექტულად მიმაჩნია”

გიორგი შერმადინი: “მაკაბისთან” კონტრაქტზე საუბარი ამ ეტაპზე არაკორექტულად მიმაჩნია”

გუშინ და დღეს ევროპულ პრესაში და ვებ–გვერდებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური „კანტუს“ ცენტრი გიორგი შერმადინი ისრაელის „მაკაბისთან“ კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდა. ეს ინფორმაცია დღეს ერთ–ერთმა ავტორიტეტულმა ევროსაკალათბურთო ვებ–გვერდმა eurobasket.com-მაც დაადასტურა. დღეს იტალიაში თავად შერმადინს დავუკავშირდით და კომენტარი ვთხოვეთ.
 

 
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მაკაბის“ პირობებზე შეუთანხმდი და კონტრაქტი ძალაში მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შევა…
– ამ ინფორმაციას არ დავადასტურებ. კონტრაქტი არ გაფორმებულა და ამაზე საუბარი, როცა „კანტუსთან“ მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და წინ პლეი ოფის მატჩებია, არაკორექტულად მიმაჩნია.
– „მაკაბისთან“ თუ გქონია რამე შეხება?
– ამით ჩემი მენეჯერია დაკავებული და ინფორმაციის გავრცელების სრული უფლებაც მას აქვს. არ ვუარყოფ, რომ დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი „მაკაბიში“, თუმცა სანამ კონტრაქტს ხელს არ მოვაწერ, გადაწყვეტით არაფრის თქმა არ შეიძლება. არ ვიცი, საიდან მოიტანეს ეს ინფორმაცია, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს თითქმის ყველა სპორტულ რუბრიკაში დაიწერა, რომ შერმადინი „მაკაბის“ გაურიგდაო. ამის გამო „კანტუს“ მწვრთნელთან უხერხულად ვიგრძენი თავი.
– გუნდელებმა რა გითხეს?
– მილოცავდნენ, კარგი გუნდია „მაკაბიო“, მაგრამ მათაც იგივე ვუთხარი, რომ ეს მხოლოდ ვარაუდებია–თქო. კონტრაქტს რომ გამომიგზავნიან და ხელს მოვაწერ, მერე შეიძლება ითქვას და დაიწეროს.
– ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი როგორ მიმდინარეობს?
– კარგად. ჯერჯერობით გუნდთან ისევ ვერ ვვარჯიშობ და ინდივიდუალურად, ტრენაჟორებზე ვემზადები, მაგრამ ამ კვირაში ექიმები კიდევ ერთხელ გამსინჯავენ და სავარაუდოდ მოედანს დავუბრუნდები. ალბათ მეოთხედფინალური სერიის საწყის ორ მატჩს გამოვტოვებ და მერე თამაშიც შემეძლება.
– პლეი ოფში „კანტუს“ შანსებს როგორ შეაფასებ?
– მეოთხედფინალში „სკავოლინის“ ვხვდებით. ძალიან ძლიერი მეტოქეა და ვფიქრობ, მაქსიმალური მობილიზება გვმართებს, რათა ნახევარფინალის საგზური მოვიპოვოთ.
– თქვენი მიზანი რა იქნება?
– შარშან ფინალში ვითამაშეთ და წლეულსაც პროგრამა მინიმუმი ფინალში გასვლაა.