გიორგი შერმადინმა „ოლიმპიას“ შემადგენლობაში პირადი რეკორდი დაამყარა. ლიუბლიანელთა ქართველმა ცენტრმა სლოვენიის ჩემპიონატის მე–6 ტურის მატჩში სტუმრად „პოლზელას“ 19 ქულა ჩაუგდო, რაც მის „ოლიმპიურ“ კარიერაში საუკეთესო შედეგია.
ბოლო 2 ტურში განცდილი წაგებების შემდეგ, „ოლიმპიამ“ მოგების გემო გაიხსენა და ეს უპირველესად გიორგი შერმადინის დამსახურებაა. ქართველი ცენტრი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მან 12 ცდიდან 8 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან არც ერთი არ ააცილა: 3–დან 3 ჩააგდო. 19 ქულასთან ერთად შერმადინს 5 მოხსნა ჰქონდა, დანარჩენი სტატისტიკური მაჩვენებლების გრაფაში (თუ არ ჩავთვლით ჯარიმებს) კი მას ნული ეწერა. გიორგის დახმარებით “ოლიმპიამ” სტუმრად 78:67 დაამარცხა “ჰოპსი”.
შერმადინის დარად ხუთეულში დაიწყო თამაში და მოედანზე 17 წუთი გაატარა ვლადიმერ ბოისამ, თუმცა იგი თანამემამულესავით შედეგიანი როდი გახლდათ. ბოისამ 2–დან 1 ორქულიანი და 4–დან 3 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 5 ქულა შეადგინა. პლუს ამას, ვლადიმერმა 2 მოხსნა და ამდენივე ჩაჭრა მიითვალა.
„ოლიპმიას“ ამ მატჩის შემდეგ 4 მოგება და 2 წაგება აქვს. ასეთივე შედეგი აქვს კიდევ 2 გუნდს: „ჰელიოსს“ და „ზლატოროგს“. ეს სამი გუნდი II-IV ადგილებს იყოფენ, პირველზე კი ექვსივე გამარჯვების მქონე „კრკაა“.