ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის (ლიგა ენდესა) მე-7 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ საკუთარ კედლებში ამბიციურ „ხუვენტუდ ბადალონას“ უმასპინძლა. დაძაბულ და პრინციპულ დაპირისპირებაში კანარის კუნძულელებმა ხასიათი გამოავლინეს და მეტოქე ანგარიშით 80:74 დაამარცხეს.
მატჩის დასაწყისი მასპინძლებისთვის რთული აღმოჩნდა — „ტენერიფემ“ პირველი ნახევარი ჩააგდო და დიდი შესვენებისთვის 6-ქულიანი ჩამორჩენით (39:45) გავიდა. თუმცა, ვითარება ძირფესვიანად შეიცვალა მეორე ტაიმში. მასპინძლებმა მესამე პერიოდში აქტიურად ითამაშეს (21:15), ანგარიში გაათანაბრეს და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ ტაბლოზე წონასწორობა (60:60) აღადგინეს. მატჩის ბედი სწორედ დასკვნითმა მეოთხედმა გადაწყვიტა, რომელიც შერმადინის გუნდმა 20:14 მოიგო და საბოლოო გამარჯვებაც უზრუნველყო.
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 21 წუთი და 4 წამი გაატარა. ამ დროის განმავლობაში გიორგიმ გუნდს 12 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 4 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ზუსტად გამოიყენა. გამარჯვებულთა რიგებში შეტევაში ლიდერობა მარსელინო უერტასმა ითავა, რომლის ანგარიშზეც 19 ქულა დაგროვდა.
ამ მნიშვნელოვანი წარმატების შემდეგ, „ტენერიფემ“ სატურნირო ცხრილში აქტივი 10 ქულამდე გაიუმჯობესა და მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა. შერმადინის გუნდი მომდევნო ტურის შეხვედრას სტუმრად, „ანდორას“ წინააღმდეგ გამართავს.