გიორგი შერმადინმა სეზონი დაასრულა – ტენერიფე ხუვენტუდთან დამარცხდა

გიორგი შერმადინმა სეზონი დაასრულა – ტენერიფე ხუვენტუდთან დამარცხდა

გიორგი შერმადინისთვის სეზონი დასრულებულია. მისმა გუნდმა “ტენერიფემ”, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალში “ხუვენტუდს” ეპაექრებოდა, სერია 1:2 წააგო და ტურნირს გამოეთიშა. საბედისწერო მატჩი 31 ივლისს ბადალონაში გაიმართა. სერიაში ანგარიში 1:1 გახლდათ და გადამწყვეტ მატჩს რეგულარულ ჩემპიონატში უფრო მაღალ პოზიციაზე დამსრულებელმა “ხუვენტუდმა” უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით – 81:58 დასრულდა.

შერმადინმა მოედანზე 20:29 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო. მან 3-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. შერმადინის გუნდმა პირველი ტაიმი 16 ქულით წააგო და მეორე ნახევარშიც ვერ შეძლო თამაშის სცენარის შეცვლა. ხუვენტუტს ტომიჩმა ულიდერა, რომელმაც 17 ქულა დააგროვა. ხუვენტუტის მეტოქე ნახევარფინალში ბარსელონა იქნება, ხოლო მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს რეალი და ბასკონია შეხვდებიან. შეგახსენებთ, რომ შერმადინის გუნდისთვის სეზონი დასრულდა. ტენერიფესთვის 2021-2022 წლების სეზონი დადებითად უნდა შეფასდეს, რადგანაც გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.