საქართველოს ეროვნული ნაკრების და ლიუბლიანას „ოლიმპიას“ ცენტრი გიორგი შერმადინი ევროპაში ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ „ადიდასის“ კემპში მიიღებს მონაწილეობას. ესაა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ–ერთი საწვრთნელი შეკრება, სადაც თავს დრაფტისთვის გამზადებული კალათბურთელები იყრიან და რომელსაც ნბა–ს არაერთი გუნდის წარმომადგენელი ესწრება.
შერმადინი წლევანდელ დრაფტში მონაწილეობას მიიღებს და სავარაუდოდ, მას რომელიმე კლუბი აირჩევს. 1989 წელს დაბადებული გიორგისთვის ეს არის ბოლო შანსი, რადგან 22 წლის შემდეგ დრაფტზე დადგომა აღარ შეიძლება. შერმადინმა სადრაფტო განაცხადი 2 წლის წინ გააკეთა, მაგრამ მაშინ საკუთაარი სურვილით უარი განაცხადა მასში მონაწილეობაზე. ახლა კი, ის ავტომატურადაა დრაფტზე, რადგან ზღვრული ასაკი, 22 წელი შეუსრულდა.
„ადიდასის“ კემპი 11 ივნისს დაიწყება და მასში ძირითადად პერსპექტიული ევროპელი კალათბურთელები მიიღებენ მონაწილეობას, რომელთაგან რამდენიმეს წლევანდელ დრაფტში ნბა–ს გუნდები აიყვანენ. რაც შეეხება დრაფტს, იგი 23 ივნისს, ტრადიციულად ნიუ იორკის „მედისონ სკვერ გარდენში“ გაიმართება.