გიორგი ცინცაძე 25 წლის და მამა ხდება

გიორგი ცინცაძე 25 წლის და მამა ხდება

დღეს გიორგი ცინცაძის დაბადების დღეა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი 7 თებერვალს 25 წლის გახდა და სულ მალე უძვირფასეს საჩუქარსაც მიიღებს: მისი მეუღლე, ნანა ცინცაძე დღე–დღეზე შვილს ელოდება და ისინი ორივენი ვაჟკაცის, ნიკოლოზ ცინცაძის მშობლები გახდებიან. გიორგი საქართველოს ნაკრებში ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო ხასიათის მოთამაშეა. მისთვის მეტოქის ავტორიტეტს მნიშვნელობა არა აქვს. თუკი თამაშის იშტაზე იქნა, შეუძლია, ნებისმიერ მოწინააღმდეგეს თავბრუ დაახვიოს, თუმც თუკი თამაში აერია, კალაპოტიდან ვარდება. ასეა თუ ისე, გიორგი ცინცაძე ჩვენი ნაკრების შეუცვლელი მოამაშეა და მკითხველიც ალბათ ინტერესით გაეცნობა მასთან ამ ინტერვიუს.
 

 
–  გიორგი, უამრავი კლუბი გამოიცვალე ტარტუს მერე და ახლა კვლავ ტარტუში ხარ, რას იტყვი როგორ მოერგე  ხელმეორედ ,,როკს“ და რა სიტუაცია დაგხვდა კლუბში?
 
– კლუბში ახალი მოთამაშეები დამხვდნენ.  სიტუაციაც შეცვლილია. მწვრთნელს სულ სხვანაირი  ხედვა და ტაქტიკა აქვს, ვიდრე – ადრე.  ზაფხულიდან ტრავმა გამომყვა, შემდეგ მეორე ფეხიც ვიტკინე, მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ნელ–ნელა უკეთესობისკენ მივდივარ.
 
–  რამდენად დიდი სხვაობაა მაშინდელსა და ახლანდელ ,,როკს“ შორის?
 
– დიდი სხვაობაა. ადრე სხვა  გუნდი იყო, გამოცდილი კალათბურთელები თამაშობდნენ, ახლა კი მეტი ახალგაზრდაა, რომლებიც უფრო მეტად ეიფორიულები არიან.
 
–  ფორმაში ნელ–ნელა შედიხარ და  თამაშს უმატებ. კმაყოფილი ხარ საკუთარი პროგრესით?
 
– ოპტიმალურ ფორმაში არ ვარ, ეს არ არის ჩემი მაქსიმუმი, მაგრამ რა შედარებაა, ადრე ვერაფერს ვაკეთებდი, ახლა ნაკლებად მაწუხებს ფეხი, რაც უკეთესი თამაშის  შესაძლებლობას მაძლევს. ზაფხულისთვის  სასურველ ფორმაში  ჩავდგები.
 
–  ბალტიის ლიგაზე ,,რუდუპისის“ წინააღმდეგ  22 წუთში 18 ქულით როკის ბომბარდირი გახდი, ხოლო „ლიეპაიას“ საუკეთესო მეპასე გახდი.
 
– ,,რუდუპისის“ წინააღმდეგ შეტევაზე ვიყავი კონცენტრირებული, ხოლო „ლიეპაიასთან“ პასებზე მქონდა აქცენტი გაკეთებული… ვფიქრობ, გუნდის გამარჯვებაში გარკვეული წვლილი შევიტანე და  რაც მთავარია,  ორივე მატჩი მოვიგეთ.
 

 
–  ბალტიის ლიგაზე „როკს“ რა შანსები აქვს?
 
– ბალტიის ლიგაზე ფლეი ოფში გასვლის დიდი შანსი გვაქვს და შემდეგ ვნახოთ. მთავარია, რომელ ადგილს დავიკავებთ, სასურველია მე–2, მე–3–ზე გავიდეთ, ანუ შევინარჩუნოთ პოზიცია, რომელზეც ახლა ვიმყოფებით. ერთი თამაში გასვლაზე გველის, ერთი კი – სახლში. სტუმრად ალბათ გაგვიჭირდება, მაგრამ ამ ორივე მატჩის მოგება მნიშვნელოვანია.
 
– ესტონეთის ჩემპიონატზე რას იტყვი ?
 
– რა თქმა უნდა, ნაკლებად ძლიერი გუნდები არიან, ვიდრე ბალტიის ლიგაზე. 1–2 გუნდია ძლიერი, ვისთანაც დაძაბული თამაშები გავქვს ხოლმე, დანარჩენებთან კი თუ გაგვიჭირდა თამაში, ეს უკვე ჩვენი პრობლემაა და არ ნიშნავს იმას, რომ ისინი გვჯობიან. ესტონეთის ჩემპიონატი დაბალი  დონისაა და  არ უნდა გაგვიჭირდეს წესით ფინალში გასვლა.
 
–  ,,როკის” მწვრთნელს  ინდრიკ ვესპაანუს როგორ დაახასიათებდი,  როგორი დამოკიდებულება აქვს  შენს მიმართ ?
 
– მწვრთნელთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა მაქვს – მას ვარჯიშზე ვხვდები ხოლმე. ინდრიკს ახლა განსხვავებული შეხედულება აქვს კალათბურთზე,  ვიდრე ადრე. ახალგაზრდებზე,  სწრაფ შეტევებზე და ღია  თამაშზე  აქვს  გაკეთებული აქცენტი. შესაძლოა იმიტომ, რომ თვითონაც ახალგაზრდა, სულ რაღაც 30 წლისაა.
 
– გუნდში როგორი  ატმოსფეროა ?
 
– ყველაფერი კარგადაა. გუნდის წევრები ძალიან თბილად არიან ჩემს მიმართ, ადაპტაცია არც კი გამჭირვებია,  ვმეგობრობთ და ერთმანეთს ვსტუმრობთ კიდეც.
 
–   ნაკრების თემაზე გადავიდეთ: სულ ახლახანს  ჩატარდა  ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრა. რას იტყვი ჩვენს ჯგუფზე და რა აზრისა  ხარ მეტოქეებზე?
 
– საკმაოდ სასურველ ჯგუფში მოვხვდით. ჩემი აზრით, შანსი გვაქვს, მაგრამ ალბათ სხვებიც  ჩემნაირად ფიქრობენ და ნამდვილად არ იქნება ადვილი თამაშები. მოშვების უფლება არც  ერთ გუნდთან არ გვაქვს, ყველასთან მაქსიმალურად, 100% –ით უნდა დავიხარჯოთ, განსაკუთრებით კი რუსეთთან. რუსეთთან მატჩს მხოლოდ სპორტული მნიშვნელობა არ აქვს და თუკი გავიმარჯვებთ, მთელს საქართველოს ძალიან გავახარებთ.  მთავარია ჯანმრთელად ვიყოთ,  ტრავმებმა ხელი არ შეგვიშალოს და ვფიქრობ, ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით.
 
– რა არის ჩვენი უმთავრესი  მიზანი ევრობასკეტზე?
 
– ჯგუფიდან გასვლა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე კი ერთი თამაშის მოგებაც კი დიდი შედეგი იქნება. მთავარია, პირველი ეტაპი დავძლიოთ. დებიუტისთვის ესეც ძალიან მიღწევად ჩაითვლება.
 
– თუ ესაუბრე ნაკრების სხვა  წევრებს ამ თემაზე? რას  ფიქრობენ ისინი?
 
– ტელეფონით ვესაუბრე ვიქტორ სანიკიძეს და ზაზა ფაჩულიას. ისინი გახარებულები იყვნენ. ვფიქრობთ, გაგვიმართლა და ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. კენჭისყრამ თავისი საქმე გააკეთა, ახლა ჯერი ჩვენზეა. 
 
– ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთბნელთან ხომ არ გისაუბრიათ ?
 
–  იგორ კოკოშკოვთან არ მისაუბრია. ალბათ ისიც კმაყოფილია.
 
–  რას ფიქრობ ჩვენი ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ ტორინ გრინზე, როგორ მოერგო ის გუნდს და უნდა ველოდეთ თუ არა მისგან ბევრად უკეთესს თამაშს?
 
– გრინისთვის პირველი წელი იყო ნაკრებში და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, კარგად  ითამაშა და ძალიან დაგვეხმარა. მომავალ წელს ალბათ უკეთესად და თავისუფლად ითამაშებს, ყველანაირი კომპლექსი მოეხსნება და უცხოდაც არ იგრძნობს თავს. ვფიქრობ წლევანდელ თამაშებში უფრო შედეგიანი იქნება.
 
– კენჭისყრას ბევრი გამოხმაურება  მოჰყვა. სააგენტო სპორტ.რუ–მ ნაკრებზე ვრცელი სტატიაც გამოაქვეყნა, სადაც თქვენს მინუსებსა და პლუსებზეც გამახვილდა ყურადღება. თუ გაეცანი ამ მასალას და იზიარებ თუ არა რუსი ჟურნალისტის შეხედულებებს?
 
– როგორ ჩანს,  სტატიის ავტორს ჩვენი შარშანდელი თამაშები ჰქონდა ნანახი, სადაც მე აშკარად არ  ვიყავი  ფორმაში. 5 თვე არც ერთ გუნდში არ ვირიცხებოდი. პლუს ტრავმა მაწუხებდა და ჩემი შესაძლებლობების ნახევრის ნახევარსაც ვერ ვავლენდი. რაც შეეხება, იმას რომ მოედნის ხედვა არ მაქვს, ამაში ვერ დავეთანხმები. ჩემპი პლუსი სწორედ მოედნის ხედვაა. ასევე ვერ გავიზიარებ იმ აზრს (და არა მარტო მე), რომ სანიკიძეს ტექნიკა აკლია, ან მსროლელი არ გვყავს. მანუჩარ მარკოიშვილის დონის მსროლელი რუსებს ნამდვილად არ ჰყავთ.
 
– საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე რას ფიქრობ?
 
– საკალათბურთო სუპერლიგას ყოველთვის ვადევნებ თვალ–ყურს და ბიჭებს ვგულშემატკივრობ.  ყველა ტურის შემდეგ ვეცნობი მატჩების ანგარიშებსა და სტატისტიკას.  სასიხარულოა, რომ 11 გუნდი იღებს მონაწილეობას  წლევანდელ ჩემპიონატში. გუნდებიც გაცილებით უკეთ გამოიყურებიან და მისასალმებელია, რომ მოთამაშეებს ხელფასები ურიგდებათ. როდესაც არ ფიქრობ საარსებო წყაროზე და ხელფასს თავის დროზე იღებ, მაშინ თამაშზე მთლიანად კონცენტრირებული ხარ და მაქსიმალურად იხარჯები. მივესალმები იმ ფაქტს, რომ ლეგიონერები დაუბრუნდნენ  ჩემპიონატს. თუ მათ კარგი პირობები და ანაზღაურება ექნებათ, ყველა სიხარულით ითამაშებს საქართველოში.
 ამას წინათ საქართევლოს თასის ფინალს ვუყურე, რომელიც ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. მესიამოვნა, ამდენი ხალხი რომ ესწრება თამაშებს. იმედია, ერთ დროს მეც დავბრუნდები და ჩემს სამშობლოში ვითამაშებ.
 

 
– წლევანდელ სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელებს ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსი თუ აქვთ?
 
– ეს ჩემი გადასაწყვეტი არ  არის, მწვრთნელი აუცილებლად გამოცდის მათ, ვინ თავს გამოიჩენს ჩემპიონატში. სუპერლიგაში არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოისინჯნონ ნაკრებში, ამით მათ თავდაჯერებულობა შეემატებათ, რომ ახლოს არიან ნაკრებთან და მეტი სტიმულიც ექნებათ. გამოვყოფდი გიორგი შარაბიძეს, რომელიც  ახალაგაზრდა და პერსპექტიული კალათბურთელია, აგრეთვე ლაშა ფარღალავას.
 
– შენს მომავალ გეგმებზე გვიამბე?
 
– სეზონის  ბოლომდე ტარტუში ვარ. თურქეთიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ვერ წავედი. ევროპის ჩემპიონატზე თუ კარგად ვიასპარეზებთ, ნაკრების წევრებს ალბათ კარგი შემოთავაზება გვექნება.
– როგორია შენი  გრაფიკი ესტონეთში, რამდენად დატვირთული რეჟიმი გაქვს ?
 
 – დილით და საღამოს ვარჯიშები მაქვს, შუალედში კი ძირითადად მძინავს და ვისვენებ. ამას წინათ წავაგეთ და მწვრთნელმა დაგვსაჯა – დილის 6 საათზე  დაგვინიშნა ვარჯიში, შემდეგ 11–ზე და ბოლოს საღამოს 6–ზე. იმედი მაქვს, მსგავსი რამ აღარ განმეორდება. თავისუფალ დროს კომპიუტერთან ვატარებ, ,,სკაიპით“  მეგობრებს ველაპარაკები, ან  ფილმს ვუყურებ, ან სადმე მივდივართ მე და ჩემი მეუღლე.
 
– გიორგი, შენი ესტონური სკანდალიც უნდა ვახსენოთ, ავტოავარიას ვგულისმობ…
 
– სერიოზული არაფერი მომხდარა. ეს ყველაფერი ჟურნალისტებმა გააბუქეს, ვინაიდან ცნობადი სახე ვარ.
 
– ესტონეთში შენს მეუღლე ნანა ცინცაძესთან ერთად ცხოვრობ და მალე მამა გახდები… რას ნიშნავს ეს შენთვის, როგორი შეგრძნებაა?
 
– ბავშვს  დღე–დღეზე  ველოდებით,  ბიჭის მამა  ვხდები, ნიკოლოზს ვარქმევთ. 21  წლის დავოჯახდით, მაგრამ ბავშვზე არ  გვიფიქრია, ცოტა მოგვიანებით ვგეგმავდით და ასეც მოხდა. 7 თებერვალს 25 წელი შემისრულდა და საუკეთესო საჩუქარსაც მივიღებ. მამობა ყველაფრიგან განსხვავებული და განსაკუთრებული გრძნობაა. ჯერ არ დაბადებულა პატარა და უკვე მენატრება. ყველას ვურჩევდი, რომ მეტი და მეტი ბავშვები იყოლიონ.  
 
– გილოცავ დაბადების დღეს. გადავიდეთ  იმ თემებზე, რომელიც გულშემატკივარს შენს სპორტულ მიღწევებზე ალბათ არანაკლებ აინტერესებს. ჩაცმის როგორ  სტილს ანიჭებ უპირატესობას და  საყვარელი აქსესუარი თუ გაქვს?
 
– ჩაცმა ძალიან მიყვარს. ვგიჟდები მაღაზიებში სიარულსა და ,,შოპინგებზე“. მოდას არ მივყვები, ჩემი სტილი მაქვს. მიყვარს თავისუფლად და სპორტულად ჩაცმა,   მოშვებული შარვლები. უპირატესობას განსაკუთრებით ჯინსებს ვანიჭებ. კეტებზე და პერანგებზე ვგიჯდები, უამრავი მაქვს, მაგრამ მაინც  ვყიდულობ. ამის გამო სახლში სულ მეჩხუბებიან, კლასიკური სამოსიც იყიდეო. მაგრამ არ მიყვარს. ჩემს გემოვნებაში არ ჯდება. რაც შეეხება აქსესუარებს, განსაკუთრებული არაფერი მაქვს, მაგრამ სულ ვატარებ ჯვარს და წმინდა გიორგის მედალიონს.
 
– რა მუსიკას უსმენ, რომელია შენი საყვარელი ჟანრი ?
 
– ყველანაირი ჟანრის მუსიკას ვუსმენ, განსაკუთრებით მიყვარს ბარი ვაითი, ჩემს ყველანაირ განწყობას ერგება. ქართული მუსიკიდან  მომწონს  მგზავრები. ხანდახან  ჰიპ ჰოპსაც ვუსმენ.
 
–  იმ ქვეყნებს შორის სადაც გითამაშია, რომელ ქვეყანას ანიჭებ უპირატესობას?
 
– ესტონეთი მომწონს, მართალია აქ ძალიან ცივა და აუტანელი ამინდებია, მაგრამ კარგი ქვეყანაა. საქართველოში ემოციური ხალხი ცხოვრობს, აქ კი მშვიდი ხალხია და ცხოვრებაც წყნარად მიედინება. ადრე სხვანაირად ვფიქრობდი, მაგრამ ახლა როცა ასაკი მომემატა, ვთვლი, რომ თბილისი ყველაზე მაგარი ქალაქია და მის გარდა არსად ვიცხოვრებდი. 
 
– რომელია შენი საოცნებო კლუბი, რომელ ქვეყანაში გსურს თამაში ?
 
– ჩემი საოცნებო კლუბი არის ბარსელონა, ქალაქიც  ძალიან მიყვარს, ფეხბურთშიც ამ გუნდს ვგულშემატკივრობთ მთელი ოჯახი. „ბარსაში“ თამაში ჩემი ოცნებაა.
 
– ყველაზე მეტად ვინ ან რა გენატრება საქართველოში?
 
– ჩემი  ოჯახის წევრები და  მეგობრები მენატრებიან, კიდევ  ქართული სამზარეულო.   როდესაც ჩემი მეგობრები ერთად იკრიბებიან, მირეკავენ და  მაშინ კიდევ უფრო მენატრებიან.  საერთოდ ძალიან მოძრავი,  აქტიური ვარ და აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ. მიყვარს ბევრი ლაპარაკი და ხუმრობა, ხალხში ყოფნა, უმოქმედოდ და უმოძრაოდ ყოფნა არ შემიძლია.
 
– როგორი ხარ ოჯახში და უახლოესს მეგობრებთან, როგორი ხასიათი გაქვს, რა არის შენი ყველაზე დიდი მინუსი და  პლუსი?
 
– ჩემი პლუსი და მინუსი ვფიქრობ ერთი რამ არის,  ძალიან თბილი და მეგობრული ვარ,  იმას რასაც სხვას არ გავუკეთებ, მგონია რომ ისინიც არ გამიკეთებენ, მაგრამ ხშირად  ყველაფერი საპირისპიროდ ხდება. მგონია, რომ ყველაფერი თეთრია და  შავი არაფერი ხდება, ამიტომ უმეტესად ცუდ სიტუაციში ვვარდები. ადამიანებთან ადვილად შევდივარ კონტაქტში, ზედმეტად  თბილი ვარ და  ურთიერთობაში საზღვარს, ოქროს შუალედს ვერ ვიჭერ.