გიორგი ცინცაძე ესტონეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

გიორგი ცინცაძე ესტონეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

გიორგი ცინცაძის „როკი“ ესტონეთის ჩემპიონატის ფინალშია და ქვეყნის უმთავრესი ტიტულისთვის „კალევ–კრამოს“ შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ ნახევარფინალური სერია 3:0 მოუგო „რაკვერეს“. ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩში „როკერებმა“ შინაურ არენაზე 75:66 მოუგეს ტტუ/კალევს და საბოლოო ანგარიშით 3:0 იმარჯვეს.
 
ფინალში რომ ეს გუნდები შეხვდებოდნენ, ძნელი გამოსაცნობი არ იყო. „როკი“ და „კალევ–კრამო“ რეგულარული ჩემპიონატის მანძილზე დომინირებდნენ და პირველ–მეორე ადგილებიც გაინაწილეს. რეგულარულის ბოლო ტურის მატჩში პირველი ადგილის მფლობელი ირკვეოდა. ეს გუნდები ერთმანეთს ტარტუში შეხვდნენ და „როკს“ კარგი შანსი ჰქონდა, მოეგო და პლეი ოფში ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობა დაებევებინა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. გიორგი ცინცაძე მამის გარდაცვალების გამო თბილისში იმყოფებოდა, „როკი“ უშანსოდ დამარცხდა საკუთარ მოედანზე და იმ წაგების უარყოფით შედეგს ახლა იმკის.
 
ფინალში მოედნის უპირატესობა „კალევ–კრამოს“ ექნება, რაც ასე ტოლძალოვანი გუნდების დაპირისპირებაში, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს. რაც შეეხება დღეს გამართულ შეხვედრას, ტარტუელებმა ტტუ/კალევი ზედმეტი გართულებების გარეშე დაამარცეს. ქართველი გამთამაშებელი ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე 28 წუთი გაატარა და საკმაოდ სარგებლიანიც გახლდათ. ცინცაძემ 6–დან 5 ორქულიანი  და 2–დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა. მას საბოლოოდ 12 ქულა დაუგროვდა, რასაც 6 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა მოაყოლა. ტარტუელთაგან 17–17 ქულა ჰქონდათ მარეკ დორონინსა და ტიმმუ სოკს.
 
ფინალური სერია „როკსა“ და „კალევ–კრამოს“ შორის მაისის დასაწყისში აიღებს სტარტს და ჩემპიონი ის გუნდი გახდება, რომელიც 4 გამარჯვებას მოიპოვებს.
 

 

გიორგი ცინცაძე ბოლომდე იბრძოდა