გიორგი ცინცაძე: “ფორმა აღვიდგინე და ნაკრებში სათამაშოდ ვემზადები”

გიორგი ცინცაძე: “ფორმა აღვიდგინე და ნაკრებში სათამაშოდ ვემზადები”

საქართველოს ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრისთვის სეზონი დასრულებულია. მათ შორის გიორგი ცინცაძისთვისაც, ვისმა „როკმაც“ ესტონეთის ჩემპიონატის ფინალური სერია „კალევ–კრამოსთან“ 0:4 წააგო. ერთწლიანი განშორების შემდეგ ცინცაძე გასული სეზონის წინ დაუბრუნდა „როკს“, სადაც 2–4 წლის წლის წინაც თამაშობდა და გუნდის უმთავრესი ლიდერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში გიორგი ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, იგი უკმაყოფილო მაინც არ გახლავთ. ცინცაძემ მოირჩინა 2010–11 წლების სეზონში, პოლონურ „სოპოტში“ თამაშისას მიღებული მძიმე ტრავმა და მისი თქმით, მოედანზე კალათბურთის თამაშის ძველებური შეგრძნება დაიბრუნა. გიორგი ცინცაძე დღეს საღამოს თბილისში ჩამოდის და სპორტის სასახლეში ხვალ გასამართ სუპერლიგის ფინალური სერიის მეორე მატჩსაც დაესწრება. ეს ინტერვიუ კი მას ტელეფონით ტარტუში, საქართველოში გამომგზავრებამდე ჩამოვართვით.
 
– დავიწყოთ ფინალური სერიით, რომელიც „კალევ–კრამოსთან“ უშანსოდ წააგეთ…
– რა თქმა უნდა, ძალიან დასანანია, თანაც სერიას მშრალად რომ წააგებ. ასე უშანსოდ არა, მაგრამ ესტონეთის ჩემპიონობა 3 წლის წინაც დავკარგე, როცა „როკში“ ჩემთან ერთად ვიქტორ სანიკიძეც თამაშობდა.
– რა იყო ამ წარუმატებლობის მიზეზი?
– მთავარი მიზეზი ჩვენში, მოთამაშეებშია, რომლებიც სათანადოდ ვერ შეხვხვდით ფინალურ სერიას. ისე გამოვიდა, რომ მთელს სეზონში მაინცდამაინც ფინალური სერიის ეს ბოლო 4 შეხვედრა ჩავაგდეთ. ის, რაც ჩვენი გუნდის პლუსები იყო, ვერ გამოვიყენეთ. ბურთი ვერც გარედან ჩავაგდეთ და ფარქვეშაც არ გაგვიმართლა. ერთი სიტყვით, მთელმა გუნდმა ვერ ითამაშა. ხოლო ის, თუ რატომ მოხდა ესე, ერთადერთი ახსნა აქვს და ეს ტრავმებს უკავშირდება.
– როგორც მახსოვს, არც ერთი ლიდერი არ გაკლდათ…
– მხოლოდ ერთმა კალათბურთელმა გამოტოვა ფინალური სერიის პირველი მატჩი. თუმც 2 წამყვანი კალათბურთელი ახალმორჩენილი, უფრო სწორად, მოურჩენელი ტრავმით თამაშობდა. ნახევარფინალიდან მხოლოდ 8 კაცით ვვარჯიშობდით, რადგან მარეკ დორონინმა და რაინ ვიდმანმა ტრავმები მიიღეს. ერთი სიტყვით, გუნდური მთლიანობა გვაკლდა, რაც შედეგზეც აისახა.
 

 
– ახლა პირადად შენზე ვისაუბროთ. „როკში“ ყოველთვის ლიდერი იყავი, თუმცა ამ სეზონში შედეგიანობა შეგიმცირდა და ხშირად ხუთეულშიც ვერ ხვდებოდი…
– გასული სეზონი „როკში“ ჩატარებულ წინა სეზონებს ვერც შეედრება, მაგრამ მთლიანობაში უკმაყოფილო არ ვარ. ამის თქმის საშუალებას ჩემი ის მდგომარეობა მაძლევს, რომელშიც სეზონის განმავლობაში ვიყავი. პოლონეთში თამაშისას მიღებული ტრავმა მაწუხებდა, მოედანზე ბოლომდე ვერ ვიხარჯებოდი, ნატკენ ფეხს ძალას ვერ ვატანდი და ასეთ მდგომარეობაში წარმატებულ თამაშზე საუბარი ზედმეტია. ჩემი მიზანი იყო, ფეხი მომერჩინა და მოედანზე საკალათბურთო შეგრძნება დამბრუნებოდა, რაც მოვახერხე კიდეც.
– ტრავმა საბოლოოდ მოირჩინე? ახლა რა სიტუაცია გაქვს?
– ეს ისეთი ტრავმაა, თავს სულ შეგახსენებს, თუკი ოპერაციას არ გაიკეთებ. ბევრ მოთამაშეს აწუხებს ასეთი რამ: მოედანზე კი გადიხარ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სუსტი ადგილი დატვირთვას ვერ უძლებს და გტკივდება. სწორედ ტკივილის ქვეშ ვთამაშობდი გასულ შესარჩევ მატჩებს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. ფეხი მისივდებოდა. ამიტომაც, მინდოდა, ეს პრობლემა მომეგვარებინა, რათა ევროპის ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვედროდი. ფეხი აღარ მაწუხებს და შემიძლია ბოლომდე დავტვირთო, ეს კი იმაში მეხმარება, რომ მოედანზე შეზღუდული არ ვიყო. სავარაუდოდ, ამ ფეხს მაინც მოუწევს ქირურგიული ჩარევა, მაგრამ ამის აუცილებლობა უახლოეს ხანებში არ არსებობს.
– რთული არ იყო შენთვის „როკში“ ლიდერის როლის დათმობა?
– ვფიქრობ, იმ თამაშით, რასაც მე ვაჩვენებდი, ხუთეულში ყოფნას ვიმსახურებდი, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ მწვრთნელთან მთლად დალაგებული ურთიერთობა არ მქონდა. თავიდანვე ვერ ავაწყვე მასთან ურთიერთობა. იყო ბევრი ნიუანსები, რამაც საბოლოოდ ჩემთვის არასახარბიელიო შედეგი მოიტანა.
 

 
– გადაწყვეტილი ხომ არ გაქვს, მომავალ სეზონში სად ითამაშებ?
– „როკთან“ კონტრაქტი დამიმთავრდა და კარიერას სავარაუდოდ  სხვა ქვეყანაში გავაგრძელებ. მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონში ვერ ვაჩვენე ჩემი მაქსიმუმი, ცუდი შედეგები ნამდვილად არ მქონია. ყველა ტურნირში, სადაც ვითამაშე, მატჩში საშუალოდ 10 ქულაზე მეტს ვაგროვებდი. სწორედ დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ რაღაც პრიზი მოვიგე. თურმე ბალტიის ლიგაში სამქულიანებს 40 პროცენტზე მაღალი შედეგიანობით ვესროდი. შუა სეზონის მსვლელობისას შემოთავაზებაც მქონდა თურქეთის უმაღლესი ლიგის გუნდიდან, მაგრამ იმ პერიოდში ჩემი მეუღლე ბავშვს ელოდებოდა და სხვა ქვეყანაში გადაბარგებას მოვერიდე. ასევე დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ კიდევ ერთი გუნდია, რომელსაც ჩემი შემატება სურს.
– რომელი გუნდია და რას აპირებ?
– სახელს ჯერ ვერ ვიტყვი. საკმაოდ სოლიდური გუნდია და ძლიერ – VTB ლიგაში თამაშობს. ეს ლიგა ამ სეზონიდან კიდევ უფრო ძლიერდება. რუსულ და უკრაინულ გუნდებთან ერთად მასში მონაწილეობას პოლონური და ჩეხური გუნდებიც მიიღებენ. ხვალ თბილისში მოვდივარ და ამ გუნდთან მოლაპარაკებას გავაგრძელებ. ვნახოთ, რა იქნება.
– ბოლოს ეროვნულ ნაკრებზე ვისაუბროთ. რას ფიქრობ ჩვენს მეტოქეებზე, საქართველოს შანსებზე?
– მეტოქეები მეტწილად ნაცნობები არიან. მათ უმრავლესობასთან გვითამაშია და მოგვიგია კიდეც. მთავარი არა მათი სიძლიერე, არამდე ჩვენი მზადყოფნაა. როგორც ვიცი, ტორინ გრინს ტრავმა აწუხებს და შესაძლოა, ვერ დაგვეხმაროს. ასე რომ, მთავარია, ჯანმრთელად ვიყოთ და ევროპის ჩემიონატს კარგ ფორმაში შევხვდეთ. თუ ეს მოხერხდა, წარმატების მიღწევაც შეიძლება. არ ვართ ისეთ ჯგუფში, რომლიდან გასვლაც ძალიან რთული მისაღწევი იყოს.
– საქართველოს ნაკრების მოსამზადებელ გეგმას მიიღებდი და რას იტყვი მასზე?
– ჩემი აზრით, ჯობდა, შეკრება ცოტა ადრიანად დაგვეწყო. ვთქვათ, თბილისში შეკრებილიყვნენ კანდიდატები და ის ლეგიონერები, რომლებიც სეზონს ნაადრევად დაასრულებდნენ.
– ასე რატომ ფიქრობ?
– ნაკრების რამდენიმე წევრი – შენგელია, ცქიტიშვილი, ფაჩულია, გამყრელიძე და ახლა უკვე მეც თავისუფლები ვართ. სეზონი მალე სანიკიძისთვისაც დასრულდება. ამ მოთამაშეებს ინდივიდუალურად მოგვიწევს ფორმის შენარჩუნება. სასურველი იქნებოდა, ყველას ერთად გვევარჯიშა. ვისაც სურვილი ექნებოდა, თბილისში კანდიდატებთან ერთად ივარჯიშებდა. ახლა კი ისე გამოდის, რომ ლეგიონერებიც და ძველი თუ ახალი კანდიდატებიც ერთად ვიწყებთ შეკრებას და ისიც 24 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 38 დღით ადრე. აქედან 12 დღე თამაშები გვექნება, 6–7 დღე გზაში ვიქნებით, 3–4 დღე დავისვენებთ და უშუალოდ სავარჯიშოდ, მოსამზადებლად 2 კვირა გვრჩება. როგორც ვიცი, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების დიდი უმეტესობა ივლისის დასაწყისში იკრიბება. თუმცა ვფიქრობ, თუკი ტრავმები არ გვექნება და ცოტა იღბალიც წაგვეშველება, ევროპის ჩემპიონატისთვის სათანადოდ მოვემზადებით და ჯგუფიდანაც გავალთ.