გიორგი ცინცაძე: “საქართველოში ოჯახისა და სუპერლიგის დონის გამო დავრჩი”

გიორგი ცინცაძე: “საქართველოში ოჯახისა და სუპერლიგის დონის გამო დავრჩი”

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ბოლოს მან 2003 წლის ივნისში, ფინალური სერიის მეხუთე, გადამწყვეტ მატჩში ითამაშა და ბომბარდირიც გახდა, თუმცა მისი „ბასკო“ „დინამოსთან“ დამარცხდა და ვიცე–ჩემპიონობას დასჯერდა. ბათუმურ გუნდში მოთამაშე 17 წლის გამთამაშებელი კი იმავე წელს მოსკოვიც ცსკა–ში გადავიდა და მას შემდეგ რუსეთის, ესტონეთის, პოლონეთის და საბერძნეთის გუნდები გამოიარა. ხვალ ის საქართველოს ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში ისევ გავა მოედანზე – 9 წლის შემდეგ გიორგი ცინცაძე ეროვნულ ჩემპიონატში ითამაშებს. ცინცაძის საქართველოში დაბრუნება იმ მძიმე ტრავმამ განაპირობა, რომელიც მან გასულ წელს, ლიტვაში, ევროპის ჩემპიონატზე მიიღო. ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო ცინცაძემ ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და სეზონის უმეტესობა მის რეაბილიტაციას მოანდომა. ცინცაძე თბილისის „ოლიმპს“ გააძლიერებს, სადაც ის საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთ წევრ ლაშა გამყრელიძესთან ერთად ითამაშებს

– 9 წლის შესვენების შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატს უბრუნდები. რას განიცდი?
– პირველ რიგში, ფსიქოლოგიური მომენტია, მოედანზე, ოფიციალურ მატჩში 7 თვეა, აღარ გავსულვარ და თავისთავად ვნერვიულობ. რაც შეეხება ჩემპიონატს, საქართელოში 2 წლის წინაც ვითამაშე, მაგრამ მხოლოდ თასის გათამაშებაში, ისიც რამდენიმე მატჩი. ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნება კი თავისთავად საინტერესოა, მით უფრო, რომ დონე მნიშვნელოვნად ამაღლებულია.
– ტრავმის გამო გაცდენილი სეზონის უმეტესობა რომ არა, ალბათ უცხოეთში ითამაშებდი…
– რა თქმა უნდა, უცხოეთში თამაში მერჩივნა, მაგრამ ტრავმამ ამის საშუალება არ მომცა. მიუხედავად ამისა, სხვა ქვეყნის გუნდში გადასვლის შანსი ახლაც მქონდა, მაგრამ მცირე ხნის გამო გადაბარგებას საქართველოში დარჩენა გვამჯობინე. ამის მიზეზი ოჯახთან ყოფნა და სუპერლიგის ამალებული დონეა.

2010 წლის იანვარში ცინცაძე სსაუ–ს
საქართველოს თასის მოგებაში დაეხმარა
– თვლი, რომ იმ დროსთან შედარებით, როცა შენ ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობდი, დონე მომატებულია?
– დონე ერთიორადაა მომატებული.
– რაც იტყვი შენს გუნდსა და მის კონკურენტებზე?
– „ოლიმპი“ საკმაოდ ძლიერი გუნდია. შესანიშნავი მოთამაშეებით დაკომპლექტებული და მიმაჩნია, რომ სუპერლიგის ერთ–ერთი ფავორიტია. ჩვენი კონკურენტები უპირველესად „არმია“, „ქუთაისი“ და „შსს–აკადემიაა“. ჩემი აზრით, „არმია“ ფინალში აუცილებლად გავა, თუმცა ისიც მინდა აღვნიშნო, რომ იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელის. თავდაცვის სამინისტროს გუნდი განაცხადით ყველასთან ფავორიტად ითვლება, თუმცა მოედანზე ყველაფერი ხდება. ერთს აღვნიშნავ: „ოლიმპმა“ „არმიასთან“ პირველ წრეში ბოლო წამზე წააგო, ხოლო მის შემდეგ ჩვენი გუნდი საკმაოდ გაძლიერდა. დავემატეთ მე და სერბი ცენტრი ივან ტოდოროვიჩი. ვფოქრობ, საკმაოდ დაძაბული და საინტერესო პლეი ოფი და ფინალური მატჩები გველის.
– „ოლიმპში“ გამთამაშებლის პოზიციაზე ლაშა გამყრელიძე თამაშობს. შენ რომელ პოზიციაზე ხედავ საკუთარ თავს?
– მიუხედავად იმისა, რომ სუპერლიაში არაერთი ლეგიონერი თამაშობს, გამყრელიძე მაინც საუკეთესო გამთამაშებელია. ის „ოლიმპის“ ლიდერია და ასეც დარჩება. მე შესანიშნავად ვგრძნობ თავს მეორე ნომრის, ანუ მსროლელის პოზიციაზე და სავარაუდოდ ორივე მოედანზე ვიქნებით. ჩემი აზრით, ჩვენი ტანდემი ნებისმიერი გუნდის უკანახაზელებისთვის ანგარიშგასწევი ძალა იქნება.
– სანაკრებო თემაზე გადავიდეთ. ეროვნული გუნდის თამაშებს სრულ მზადყოფნაში შეხვდები?
– იმედია, საქართველოს ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებში საკმაო სათამაშო გამოცდილებას შევიძენ და ნაკრების შეკრებას სრულ მზადყოფნაში შევხვდები. ფიზიკურად აღარაფერი მაწუხებს, მხოლოდ სათამაშო პრაქტიკის მიღება მჭირდება.

–  ნაკრების საზღვარგარეთ მყოფი კალათბურთელების თამაშს თუ ადევნებ თვალს?
– ეს სეზონი ყველასთვის საუკეთესოა. რომელი ერთი გამოვარჩიო: სანიკიძე, ფაჩულია, მარკოიშვილი, შერმადინი, შენგელია, მეტრეველი.. ყველა მათგანი კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს. აღფრთოვანებული ვარ ფაჩულიასა და სანიკიძის მიღწევებით. ზაზამ „ატლანტაში“ ძირითად ხუთეულში დაიმკვიდრა ადგილი და ორმაგი დუბლის გარეშე მოედანს იშვიათად ტოვებს. სანიკიძემ კი უდიდესი პროგრესი განიცადა. ჩემი აზრით, ის იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელია.
– ამ შემადგენლობით ალბათ არ გაგიჭირდებათ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ხელმეორედ გასვლა…
– ყველაფერი ჩვენს ხელშია. თუკი კარგად მოვემზადებით და მონდომებით ვითამაშებთ, პირველ ადგილზე გავალთ. მეტოქეთა შეუფასებლობით კი შესაძლოა დავისაჯოთ კიდეც. ამიტომ, ყველამ სერიოზულად უნდა მოჰკიდოს საქმეს ხელი და ისეთი შემართებით ვითამაშოთ, როგორც ბოლო წლებში ვთამაშობთ.