გიორგი ცინცაძე სარეაბილიტაციოდ ლიტვაში იმყოფებოდა

გიორგი ცინცაძე სარეაბილიტაციოდ ლიტვაში იმყოფებოდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითადი გამთამაშებელი – გიორგი ცინცაძე ლიტვაში იმყოფებოდა, სადაც ექიმებმა ნაოპერაციევი ფეხის მდგომარეობა შეუმოწმეს და სათანადო დასკვნები გამოიტანეს. ცინცაძე ვილნიუსში 11–17 იანვარს იმყოფებოდა და სრული სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა.
“ნაოპერაციევი ფეხის მოშუშების პროცესი კარგად მიმდინარეობს – გვითხრა გიორგი ცინცაძემ – აღნიშნულიდან გამომდინარე, მალე მსუბუქ ვარჯიშს შევუდგები და მარტის ბოლოს თამაშს დავიწყებ. ლიტვაში კიდევ ერთხელ, გუნდში თამაშის დაწყების წინ ჩავალ და შევამოწმებ ნაოპერაციევი ფეხის მდგომარეობას”.
შეგახსენებთ, რომ ცინცაძე ევროპის ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში, მაკედონიასთან თამაშისას დაშავდა – ფეხის ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა და საოპერაციო გახდა. გიორგიმ ოპერაცია ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის დასრულების შემდეგ, 22 სექტემბერს, ლიტვაში გაიკეთა. ამის შემდეგ, იგი სამშობლოში დაბრუნდა და რეაბილიტაციას თბილისში გადის.
ტრავმის მოშუშების შემდეგ გიორგი ცინცაძე სეზონის დარჩენილ დროს საკალათბურთო კლუბ „ოლიმპში“ გაატარებს.