გიორგი ცინცაძეს ოჯახური ტრაგედიის გამო არ მოუწია ესტონეთის რეგულარული ჩემპიონატის უკანასკნელ და ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში თამაში. საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელს მამა გარდაეცვალა, რის გამოც იგი სამშობლოში გამოემგზავრა. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახის წევრებს.
რაც შეეხება ზემოთაღნიშნულ შეხვედრას, „როკი“ რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში შინ ტალინის „კალევ–კრამოს“ მასპინძლობდა და რომ მოეგო, პირველ ადგილზე ხვდებოდა პლეი ოფს. თუმცა ტარტუელებმა ვერ მოახერხეს გამარჯვება – 59:71 დამარცხდნენ.
რეგულარულ ჩემპიონატში I-II ადგილებზე გასული გუნდები პლეი ოფის პირველი რაუნდიდან თავისუფლდებიან. პირველ წრეში კი ერთმანეთს III-VI ადგილებზე გასული გუნდები – ტტუ/კალევი, რაკვერე, ვალგა და რაპლა – შეერკინებიან. ეს გუნდები დაწყვილდნენ (ტტუ/კალევი–რაპლა, რაკვერე–ვალგა) და სამ გამარჯვებამდე ნახევარფილანის საგზურებისთვის ითამაშებენ. გამარჯვებულ 2 გუნდს „როკი“ და „კალევ–კრამო“ შეუერთდებიან და ჩემპიონობისთვის გადამწყვეტი ბრძოლაც ნახევარფინალური სერიებიდან დაიწყება.