გიორგი ცინცაძის “როკი” ესტონურ ფინალს მიუახლოვდა

გიორგი ცინცაძის “როკი” ესტონურ ფინალს მიუახლოვდა

გიორგი ცინცაძის „როკი“ ცალი ფეხით ფინალშია. ტარტუელებმა დღეს ესტონეთის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგეს „ტტუ/კალევს“ და საერთი ანგარიშით – 2:0 დაწინაურდნენ. ფინალში გასასვლელად „როკერებს“ 1 გამარჯვებაღა აკლიათ.
 
სერიის მეორე მატჩს ამჯერად ტალინმა უმასპინძლა, თუმცა ტარტუელებს უცხო გარემოშიც არ გასჭირვებიათ გამარჯვების მოპოვება. უნდა აღინიშნოს, რომ ტალინელებმა თავიდან გვარიანი წინააღმდეგობა გაუწიეს სტუმრებს. „ტტუ/კალევის“ კალათბურთელებმა საწყისი მეოთხედი 25:24 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდეს – 46:38. ტარტუელები მესამე მეოთხედიდან ათამაშდნენ და ლიდერობა ბოლო ათწუთეულის დაწებამდევე მოიპოვეს. მესამე პერიოდი „როკმა“ 23:12 მოიგო, ბოლო ათწუთეულში კი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და საბოლოოდ 81:70 გაიმარჯვა.
 
ქართველი უკანახაზელი  ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 27 წუთზე მეტი გაატარა. გიორგიმ 5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 8 ქულა შეადგინა. გარდა ამისა, ცინცაძემ 4 მოხსნა 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. გამარჯვებულთაგან საუკეთესო მარეკ დორონინი გახდა, რომელმაც 18 ქულა (10-დან 9 ორქულიანი) მოაგროვა.
 
სერიის მომდევნო მატჩს ტარტუ უმასპინძლებს (27 აპრილს) და გამარჯვების შემთხვევაში გიორგი ცინცაძის გუნდი ესტონეთის ჩემპიონატის ფინალში გავა. მეორე ნახევარფინალში რეგულარული ჩემპიონატში პირველ ადგილზე გასული „კალევ/კრამო“ 1:0 უგებს „რაკვერეს“.  ამ სერიაში მომდევნო მატჩი ხვალ, 22 აპრილს გაიმართება.
 

გიორგი ცინცაძე: ერთიც მოვიგოთ და ფინალში ვართ