გოგა ბითაძე ნბა-ს დრაფტზე მე-18 ნომრად “ინდიანა პეისერსმა” აირჩია

გოგა ბითაძე ნბა-ს დრაფტზე მე-18 ნომრად “ინდიანა პეისერსმა” აირჩია

გოგა ბითაძე დრაფტზე “ინდიანა პეისერსმა” აირჩია. 19 წლის ქართველს აღმოსავლეთ კონფერენციის საშუალო გაქანების გუნდმა მე-18 არჩევანის უფლება დაახარჯა. ბითაძე გახდა მეორე ევროპელი, რომელიც დღეს, გამთენიისას, ნიუ იორკში გამართულ დრაფტზე აირჩიეს. გოგას წინ ჩვენი კონტინენტიდან მხოლოდ 1 მოთამაშე, მე-15-ე ნომრად “დეტროიტში” წასული გვინეური ფესვების მქონე ფრანგი – სეკოუ დუმბუია აირჩიეს.

“ინდიანა” არ შედიოდა იმ კლუბების ნუსხაში, რომელში არჩევასაც უცხოელი და ქართველი სპეციალისტები ბითაძეს უწინასწარმეტყველებდნენ. გოგამ წინასადრაფტოდ ივარჯიშა “ატლანტასთან”, “დეტროიტთან”, “შარლოტთან”, “სან ანტონიოსთან” და “ბოსტონთან”, თუმცა მასზე უფლებები მე-18 ნომრის მქონე ინდიანელებმა მოიპოვეს. არადა, დრაფტის გამართვამდე სოც-ქსელებში და პორტალებზე დღეში რამდენჯერმე იწერებოდა სტატიები, სადაც 19 წლის ქართველის სავარაუდოდ ამრჩევი გუნდები სახელდებოდა, თუმცა დრაფტის საღამოს ისე ჩაიარა “ატლანტას” ორმა და “დეტროიტის”, “შარლოტის” და “ბოსტონის” თითო არჩევანმა, რომ ნბა-ს კომისარ ადამ სილვერს ქართული გვარი არ დაუსახელებია.

ძნელია, დარწმუნებით ითქვას, რომ ბითაძეს აიყვანდა თავისთან ვარჯიშებზე მყოფი გუნდებიდან ბოლო წარმომადგენელი, თუმცა “სან ანტონიოს” ქართველი ცენტრის აყვანის შანსი არ მისცემია. “სფურსი” დრაფტში მე-19 ნომრიდან ერთვებოდა, თუმცა 19 წლის ქართველი 1 საფეხურით წინ მყოფმა ინდიანელებმა ტეხასელებს ცხვირწინ ააცალეს. სანანტონიოელებმა საკუთარი არჩევანი 208-სანტიმეტრიან ხორვატ ფორვარდს, ლუკა სამანიჩს დაახარჯეს.

ასე და ამგვარად, 211 სანტიმეტრი სიმაღლის ბითაძე, რომელიც თამაშის სტილითა და პოტენციალით თანამედროვე ცენტრის კლასიკური მაგალითია, “ინდიანა პეისერსმა” აიყვანა, რომელსაც სხვათა შორის, ნბა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ცენტრი – მაილს თერნერი ჰყავს, რომელმაც ნბა-ს გასულ სეზონში დაფარებებში ულიდერა. დაფარების ალღო გოგას ერთ-ერთი მთავარი პლუსია და ის ამ კომპონენტში ევროლიგის ლიდერთა შორის იყო, ოკეანგაღმა კი ამ საქმის ერთპიროვნული ლიდერი “ინდიანაში” დღეს გამხდარი მისი კონკურენტი გახლდათ: 23 წლის თერნერი ნბა-ს გასულ რეგულარულ ჩემპიონატში მატჩში საშუალოდ 2.7 დაფარებას ითვლიდა, რაც საუკეთესო შედეგია.

თერნერი გოგას სიმაღლეა და გასულ სეზონში ნათამაშები 74 მატჩიდან ყველა სასტარტო ხუთეულში დაიწყო. მაილსი მატჩში საშუალოდ 13.3 ქულა, 7.2 მოხსნას, 2.7 დაფარებას, 1.2 პასს და 0.7 ჩაჭრას ითვლიდა. მისი სიმაღლის კვალობაზე საკმაოდ იშვიათად – მატჩში საშუალოდ 1.3-ჯერ კარგავდა ბურთს, 2.9-ჯერ ჯარიმდებოდა და ორქულიანებს 49.5-პროცენტიანი სიზუსტით ესროდა. ინდიანას ამერიკელი ცენტრი ჩვეულებრივი შუახაზელივით ესროდა და აგდებდა შორიდან. გასულ რეგულარულში მან სამქულიანები საკმაოდ მაღალი, 38.8-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა: 196 ცდიდან 76 ჩააგდო. 

მაილს თერნერის ფაქტორის გათვალისწინებით, მართლაც ნაკლებადსავარაუდო იყო, რომ ბითაძეს “ინდიანა” აიყვანდა, მაგრამ ნბა-ს კლუბების მენეჯმენტ-მარკეტინგში რა გათვლები ხდება, ამას ჟურნალისტები ბოლომდე ვერასდროს ჩაწვდებიან. ამიტომ, როგორი იქნება ბითაძის როლი “ინდიანაში”, ამას სეზონის დაწყების შემდეგ გავიგებთ. 

ბითაძის კონკურენტად ვერ ჩაითვლება ინდიანელთა სათადარიგო ცენტრი კაილ ო’ქუინი, რომელიც გასულ სეზონში საშუალოდ 8.2 წუთში 3.5 ქულას და 2.6 მოხსნას ითვლიდა. ქართველის პოზიციის არ გახლავთ, მაგრამ მისი სიმაღლეა ლიტველი ლეგენდის – არვიდას საბონისის შვილი დომანტასი, რომელიც გასულ სეზონში “ინდიანაში” ძირითადად სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე საშუალოდ 24.8 წუთი ჩნდებოდა და 14.1 ქულას, 9.3 მოხსნას და 2.9 პასს აგროვებდა.

როგორც დრაფტზე ბითაძის არჩევიდან რამდენიმე საათის შემდეგ ინდიანური პორტალებიდან ჩანს, “პეისერსი” ბითაძეზე საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებს და მის მომავალს მხოლოდ საკუთარ კლუბს უკავშირებს. ინდიანელთა განცხადებით, ბითაძე დრაფტზე მდგარ ცენტრებს შორის ყველაზე დახვეწილია, რომელსაც ზურგს ევროპაში პროფესიონალურ დონეზე ნათამაშები 2 გამორჩეული სეზონი უმაგრებს. 

1. ზაიონ უილიამსონი – “ნიუ ორლეანი”

2. ჯა მორანტი – “მემფის გრიზლისი”

3. არჯეი ბარეტი – “ნიუ იორკი”

4. დეანდრე ჰანტერი – “ლოს ანჯალეს ლეიკერსი”

5 დარიუს გარლანდი – “კლივლენდ კავალიერსი”

6 ჯარეტ ქალვერი – “ფინიქს სანსი”

7 კობი უაითი – “ჩიკაგო ბულსი”

8 ჯექსონ ჰეიესი – “ატლანტა ჰოქსი”

9 რუი ჰაჩიმურა – “ვაშინგტონ უიზარდსი”

10 კემ რედიში – “ატლანტა ჰოქსი”

11 კამერონ ჯონსონი – “მინესოტა ტიმბერვულვზი”

12 პი ჯეი ვაშინგტონი – “შარლოტ ჰორნეტსი”

13 ტაილერ ჰირო – “მაიამი ჰიტი”

14 რომეო ლენგფორდი – “ბოსტონ სელტიკსი”

15 სეკუ დუმბუია – “დეტროიტ პისტონსი”

16 ჩუმა ოკეკე – “ორლანდო მეჯიქი”

17 ნიქილ ალექსანდერ-უოლკერი – “ბრუკლინ ნეთსი”

18 გოგა ბითაძე – “ინდიანა პეისერსი”

19 ლუკა სამანიჩი – “სან ანტონიო სპურსი”

20 მატის თიბალი – “ბოსტონ სელტიკსი”

21 ბრენდონ კლარკი – “ოკლაჰომა თანდერსი”

22 გრანტ უილიამსი – “ბოსტონ სელტიკსი”

23 დარიუს ბეიზლი – “იუტა ჯაზი”