გოგა ბითაძის 12 ქულა და ბუდუჩნოსტის მარცხი ლიდერ ცრვენა ზვეზდასთან

გოგა ბითაძის 12 ქულა და ბუდუჩნოსტის მარცხი ლიდერ ცრვენა ზვეზდასთან

პოდგორიცეს “ბუდუჩნოსტმა”, რომლის ღირსებასაც 19 წლის ქართველი, გოგა ბითაძე იცავს, ადრიატიკის ლიგაში ლიდერ “ცრვენა ზვეზდასთან” წააგო. მატჩი ბელგრადში გაიმართა და მესამე პერიოდამდე პოდგორიცელებს არაფერი უჭირდათ. ბოლოსწინა მეოთხედში ბითაძის გუნდი 62:55 იგებდა, თუმცა ბოლო პერიოდი უშედეგოდ ჩაატარა და შეხვედრა 14 ქულით – 72:86 დათმო.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მართალია, პირველ ტაიმში შედეგიანი შეტევა არ ჰქონია, საბოლოოდ, 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. გოგამ 19:45 წუთში 4-დან 2 ორქულიანი, სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა და ის სტუმართა რიგებში მხოლოდ ამერიკელ ნორის კოულს (21 ქულა) ჩამორჩა. ბელგრადელთა შემადგენლობაში შეუჩერებელი იყო ბერძენი ფორვარდი სტრატოს პერპეროღლუ, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო.

“ბუდუჩნოსტს” 8 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა და ბითაძის ყოფილ კლუბ “მეგა ბემაქსთან” ერთად, მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს. ადრიატიკის ლიგის მოქმედი ჩემპიონი მომდევნო მატჩს 6 იანვარს, შინ, ბოსნიურ“იგოკეასთან”  ჩაატარებს.

სრული მატჩი:

ჰაილაითები: