ინდიანა პეისერსმა გოგა ბითაძე ნბა-ს განვითარების ლიგაში გაუშვა, სადაც ქართველი ფორვარდი დიდი შედეგიანობით გამოირჩევა. მორიგ მატჩში ბითაძის პორტ ვეინ მედ ანტსი გრანდ რაპიდ გოლდსს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, 131:127 დაამარცხა. გრანდ რაპიდის შემადგენლობაში ითამაშა გიორგი ბეჟანიშვილმა, ხოლო ჯამში ქართველმა კალათბურთელებმა 63 ქულა და 21 მოხსნა მიითვალეს.
შეხვედრის გმირი ბითაძე გახდა, რომელმაც მოედანზე 36 წუთი გაატარა და 38 ქულა, 14 მოხსნა (2 შეტევაში), 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. 22 წლის ქართველმა კალათბურთელმა 11-დან 7 ორქულიანი, 8-დან 6 სამქულიანი და 3 საჯარიმო (G ლიგაში არსებული ექსპერიმენტული წესის თანახმად, გუნდურ ლიმიტამდე შესრულებული პირველი ჩაგდებული საჯარიმო პირდაპირ ორ ქულად ითვლება) ჩააგდო. გოგას ბურთი არ დაუკარგავს და მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი ჰქონდა, ამდენად, ძალიან ნაყოფიერი მატჩი ჩაატარა.
შედეგიანად გაისარჯა გრანდ რაპიდსის ქართველი მძიმე ფორვარდი/ცენტრი გიორგი ბეჟანიშვილიც, რომელსაც ავსტრიის მოქალაქეობა გააჩნია. ის ასევე სასტარტო ხუთეულში იყო და 37 წუთში 25 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ბეჟანიშვილმა 12-დან 11 ორქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო.
საინტერესოა, რომ ბითაძის ჩინებულმა თამაშმა გადაფარა გოლდსის 3 კალათბურთელის გარჯა, რომელთაც NBA-ში უმაღლეს დონეზე უთამაშიათ. გრანდ რაპიდსის რიგებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და ეგრევე 42 ქულა ჩააგდო NBA-ს ყოფილმა ვარსკვლავმა აიზეა ტომასმა, რომელსაც საკრამენტოს, ფენიქსის, ბოსტონის, კლივლენდის, ლეიკერსის, დენვერის, ვაშინგტონისა და ნიუ ორლეანის მაისურით უთამაშია და ლიგის ოლ სტარის ორგზის მონაწილე გახლავთ. ლენს სტივენსონმა 18 ქულა, 15 მოხსნა და 10 პასი მიითვალა, ნიკ სტაუსკასმა კი – 13 ქულა ჩააგდო.
ფორტ ვეინ მედ ანტსმა ბითაძის დახმარებით 8 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და G ლიგის ცენტრალურ დივიზიონში მე-2 ადგილზე იმყოფება, ხოლო გრანდ რაპიდსი (5 მოგება, 6 წაგება) მეექვსეა. ფორტ ვეინს მომდევნო მატჩი 27 დეკემბერს კოლეჯ პარკ სქაიჰოუქსთან ელის და მცირე შანსია, გოგა იმ მატჩშიც ვიხილოთ (წესით, ინდიანამ უნდა დაიბრუნოს), გოლდსი კი 17 დეკემბერს ვინდი სიტი ბულსს გაეჯიბრება.