გორის ივერიონმა 4-მატჩიანი უიღბლო სერია შეწყვიტა – თბილისში კავკასია დაამარცხა

გორის ივერიონმა 4-მატჩიანი უიღბლო სერია შეწყვიტა – თბილისში კავკასია დაამარცხა

სუპერლიგის მე-16 ტურის ბოლოსწინა მატჩში კავკასიამ თბილისი არენაზე გორის ივერიონს უმასპინძლა. ბექა წივწივაძის გაწვრთნილ კავკასიას ბოლო 3 შეხვედრა მოგებული ჰქონდა, გორელებს კი 4-მატჩიანი წაგებათა სერია უმძიმებდა მდგომარეობას. სუპერლიგის დებიუტანტი 4 მოგებითა და 8 მარცხით ცხრილის ბოლო საფეხურზე იყო განთავსებული და ასეთ მდგომარეობაში მყოფი გუნდისთვის თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს. 

ერთი სიტყვით, გორის ივერიონი, სატურნირო ვითარების გათვალისწინებით, “ა” ლიგაში დაბრუნების ერთ-ერთი კანდიდატი გახლავთ და რეგულარული ჩემპიონატის ფინიშზე დიდი ბრძოლები ელის. რაც შეეხება დღევანდელ ბრძოლას, გორელებმა მას წარმატებით გაართვეს თავი და უცუდესი სტარტის მიუხედავად გამარჯვების მოპოვება შეძლეს. 

პირველი პერიოდი ივერიონმა 7:24 დათმო, თუმც დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილი გუნდი არ გატყდა და ვითარების გამოსწორებას მიჰყო ხელი. მეორე პერიოდში შიდაქართლელებმა ჩამორჩენა გვარიანად შეამცირეს. დიდი შესვენებისთვის კავკასიელთა ლიდერობიდან 8 ქულა დარჩა. მეორე ტაიმში შიდაქართლელები მოედანზე სულ სხვა შემართებით გამოვიდნენ. მესამე ათწუთეული გორელებმა 29:14 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 7 ქულით გალიდერდნენ. ივერიონმა დაწინაურება გუნდური და სტაბილური თამაშით მოახერხა.

ბოლო პერიოდში ლიდერი აღარ შეცვლილა, თუმც კავკასია ცდილობდა და რამდენჯერმე2-3 ქულით მიუახლოვდა გორელებს. საბოლოოდ ივერიონმა 89:84 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და სუპერლიგაში მე-5 გამარჯვება მოიპოვა, რაც ერთით მეტია რუსთავისა და მარგვეთის მონაგარზე. გორელთა 6-მა კალათბურთელმა 12-დან 18-ამდე ქულა მოაგროვა. გივი ბაქრაძემ 18 ქულასთან ერთად 8 პასი და 4 მოხსნა გაიფორმა, რიკარდო ლინჩმა 17 ქულა მიითვალა, ხოლო გეგი ბაქრაძემ – 14 ქულა, 11 მოხსნა და 4 ჩაჭრა. კავკასიაში 14 ქულით, 8 პასითა და 7 მოხსნით საუკეთესო იყო ლუკა მაზიაშვილი, 19 ქულით ბომბარდირი ილია ლონდარიძე გახდა.