საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, NBA-ს ყოფილი მოთამაშე ნიკოლოზ ცქიტიშვილი და საპატრიარქოს ჩოხოსანთა შიდა ქართლის საზოგადოების წარმომადგენლები გორში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს შეხვდნენ. შეხვედრა ჩატარდა საპატრიარქოს ჩოხოსანთა შიდა ქართლის საზოგადოების, კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მშობელთა საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით.
შეხვედრას ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიაში მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, გორის საკალათბურთო კლუბ ივერიონის ხელმძღვანელობა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონური განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გორში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების საკალათურთო წრე გაიხსნა, რომლის წარმატებულად ფუნქციონირებისთვის თბილისიდან ანალოგიური პროფილის საკალათბურთო გუნდის ხელმძღვანელები გამოცდილების გასაზიარებლად სტუმრობდნენ. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა შიდა ქართლის აუტისტური სპექტრის მქონე შშმ პირთა გუნდის წევრებს სპორტული ფორმები და სხვადასხვა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.