“გრან კანარიამ” ჯგუფიდან გასვლა სათუო გაიხადა

“გრან კანარიამ” ჯგუფიდან გასვლა სათუო გაიხადა

მარკიზ ჰეინსისა და ტორინ გრინის „გრან კანარიამ“ ევროთასის E ჯგუში ლიდერობა დაკარგა. საქართველოს ნაკრებში ბოლო წლებში ნათამაშევი ამერიკელი კალათბურთელების გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში რუსეთში მთავარ კონკურენტთან დასანანი მარცხი იწვნია. კანარიელები ყუბანის „ლოკომოტივს“ შეხვდნენ და 51:73 დამარცხდნენ.
ეს წაგება იმით უფრო იყო ცუდი, რომ „გრან კანარიამ“, რომელმაც ჯგუფური ეტაპი 3 გამარჯვებით დაიწყო და თითქოსდა გაინაღდა მომდევნო ეტაპის საგზური, სულაც ჯგუფში ჩარჩეს. საქმე ისაა, რომ ამ ტურის შემდეგ კანარიელებს თურქული „ბანვითი“ წამოეწია. თუკი ბოლო ტურში „ბანვითი“ შინ „ლოკომოტივს“ დაამარცხებს, გრინ–ჰეინსის გუნდი ჯგუფში ჩარჩება. საქმე ის გახლავთ, რომ „გრან კანარიას“ და „ბანვითს“ შორის ურთიერთშეხვედრებში ეს უკანასკნელი პირველობს. მესამე ტურში ესპანურმა კლუბმა შინ 24 ქულის სხვაობით დაამარცხა „ბანვითო“, თუმცა ერთ კვირაში თურქულმა კლუბმა კანარიელები 25 ქულით დაჯაბნა.

მარკიზ ჰეინსმა “ლოკომოტივს” 16 ქულა ჩაუგდო
ერთი სიტყვით, „გრან კანარიას“ საქმე ცუდად აქვს. რაც შეეხება რუსეთში წაგებულ შეხვედრა, გრინმა და ჰეინსმა რადიკალურად განსხვავებული წარმატებით ითამაშეს. ჰეინსი თავის გუნდში ერთადერთი კალათბურთელი იყო, რომელმაც 10 ქულიან ზღვარს გადააჭარბა, ხოლო გრინმა მოედანი უქულოდ დატოვა. ჰეინსმა მოედანზე 24:18 წუთი გაატარა და 16 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მარკიზმა 8–დან 3 სამქულიანი, 6–დან 3 ორიანი და 2–დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
ტორინ გრინი მოედანზე მხოლოდ 4 წუთით გამოჩნდა და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ 1 სამქულიანის ტყორცნა მოასწრო, თუმც არაზუსტად. „ლოკომოტივში“ საუკეთესო შედეგი იერემია მესიმ აჩვენა, რომელმაც 16 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური 20 დეკემბერს გაიმართება. „გრან კანარია“ ჯგუფის აუტაიდერ „სკაილაინერსს“ უმასპინძლებს,  ხოლო „ბანვითი“ ლიდერ „ლოკომოტივს“.
ლოკომოტივი       4        1        376 – 320    9
ბანვიტი                3        2        342 – 342     8
გრან კანარია        3        2        345 – 347     8
სკაილაინერსი      0        5        304 – 358     5