“გრან კანარიამ” მოგების გემო გაიხსენა

“გრან კანარიამ” მოგების გემო გაიხსენა

წარუმატებელი მატჩების შემდეგ მარკიზ ჰეინსის „გრან კანარიამ“ პრიმერადივიზიონში გამარჯვება იზეიმა. ტორინ გრინის თურქულ „თოფაშში“ გადასვლის შემდეგ ჰეინსი კანარიელთა ერთადერთი ქართულპასპორტიანი მოთამაშე გახდა.
 „გრან კანარიამ“ მორიგ ტურში შინ „ალიკანტეს“ მოუგო. კუნძულელებმა პირველ მეოთხედში მოპოვებული უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნეს და ანგარიშით 61:53 იმარჯვეს. მარკიზ ჰეინსი, რომელიც გასულ მატჩებში და ზოგადად, კანარიელთა ლიდერად ითვლება, ამ შეხვედრაში ინერტული იყო. მან 29 წუთი ითამაშა და ბომბარდირობას ჩვეული მხოლოდ 5 ქულას დასჯერდა. 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 4 ორქულიანი კი ააცილა. მის ანგარიშზე 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრაც დაგროვდა.
მოგებამ კანარიელები ცხრილში ვერ დააწინაურა. ჰეინსის გუნდი კვლავ მე-13 ადგილზე იმყოფება. პრიმერადივიზიონში მომდევნო მატჩს „გრან კანარია“ 26 თებერვალს მადრიდში, „რეალთან“ გამართავს.