გრინისა და ჰეინსის “გრან კანარიამ” ევროთასზე პირველად წააგო

გრინისა და ჰეინსის “გრან კანარიამ” ევროთასზე პირველად წააგო

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები ამერიკელი კალათბურთელების – ტორინ გრინისა და მარკიზ ჰეინსის „გრან კანარიამ“ ევროსარბიელზე მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა. ევროთასის გათამაშებაში კანარიელები სტუმრად თურქულ „ბანვითს“ შეხვდნენ და დიდი სხვაობით – 54:79 წააგეს.
 
ამ შეხვედრამდე „გრან კანარიას“ 3 შეხვედრიდან სამივე მოგებული ჰქონდა და E ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი იყო. ახლა კი ესპანურ კლუბს რუსული „ლოკომოტივი“ წამოეწია, თუმც ძნელად სავარაუდოა, რომ კანარელებმა დარჩენილ ორ ტურში ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხონ.
 

ბურთით ტორინ გრინი
 
რაც შეეხება თურქეთში წაგებულ შეხვედრას, გრინმა და ჰეინსმა საშუალო დონეზე ითამაშეს. სასტარტო ხუთეულში მყოფმა ჰეინსმა მოედანზე გატარებულ 27 წუთში 6 ქულა, 5 პასი, 2 ჩაჭრა და 1 მოხსნა მოაგროვა. მარკიზმა 4 ორქულიანიდან 3 ჩააგდო, ხოლო ხუთივე სამქულიანი ააცილა.
 
გრინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 22:34 წუთი გაატარა. მან 7 ქულა და თითო მოხსნა–პასი მიითვალა. გრინმა 5 სამქულიანიდან მხოლოდ 1 ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი ოთხივე ტყორცნა გამოიყენა.
 
თანაბარი მხოლოდ პირველი მეოთხედი იყო, რომელიც 20:20 დასრულდა. მეორე პერიოდიდან კი „ბანვითმა“ ყველა კომპონენტში დაჯაბნა „გრან კანარია“ და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა. მომდევნო შეხვედრას „გრან კანარია“ 13 დეკემბერს ყუბანში, „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ გამართავს. ჯგუფის ბოლო ტურში კი 20 დეკემბერს ჰეინს–გრინის გუნდი გერმანულ „სკაილაინერსს“ უმასპინძლებს.
 
სატურნირო ვითარება
ლოკომოტივი      3        1        303    269    34      7
გრან კანარია       3        1        294    274    20      7
ბანვითი              2        2        280    286    -6      6
სკაილაინერსი     0        4        248    296    -48    4