გრინმა და ჰეინსმა “გრან კანარია” ევროთასზე ახეირეს

გრინმა და ჰეინსმა “გრან კანარია” ევროთასზე ახეირეს

დაიწყო ჩვენი კონტინენტის რანგით მეორე ტურნირი ევროთასი, რომელშიც ჩვენთვის საინტერესო გუნდი ესპანური „გრან კანარიაა“. ამ კლუბის ღირსებას ორი ქართულპასპორტიანი ამერიკელი კალათბურთელი – ტორინ გრინი და მარკიზ ჰეინსი იცავენ. გრინი შარშან იცავდა საქართველოს ნაკრების ღირსებას, გასულ ევროპის ჩემპიონატზე კი ეს მოთამაშე ტრავმირებული იყო და იგი მარკიზ ჰეინსმა შეცვალა. ორივე კალათბურთელი მწყობრშია და ისინი ბედმა ესპანურ კლუბშიც დააკავშირა.
 

 
ევროთასის პირველი ჯგუფური ეტაპის კანარიელებმა გამარჯვებით გახსნეს. ესპანურმა კლუბმა რუსულ „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და 84:76 დაამარცა, რაშიც გრინისა და ჰაინსის დამსახურება უდიდესია. ამ ორმა მოთამაშემ ჯამში 33 ქულა მიითვალეს. ლას პალმასელთა სასტარტო ხუთეულში ჰეინსი გამოჩნდა და 18:36 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მარკიზმა 5-დან 3 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო კი ააცილა.
 
უმჯობესი სტატისტიკა ჰქონდა ტორინ გრინს, რომელმაც მოედანზე 25:40 წუთი გაატარა და 18 ქულასთან ერთად 3 პასი და 1 მოხსნა მოაგროვა. მან 3-დან 1 ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო გამოიყენა.
 
E ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში, თურქულმა “ბანვითმა” გერმანულ “სკაილაინერსს” ასევე დრამატულ მატჩში 73:72 სძლია. მეორე ტურში, რომელიც 22 ნოემბერს შედგება, ”გრან კანარია” ფრანკფურტულ კლუბს ესტუმრება.