გუშინ იმერეთში დაწყებული სუპერლიგის მე-2 ტური დღეს დედაქალაქში გაგრძელდა. თბილისი არენაზე დაგეგმილ პირველი მატჩში ერთმანეთის პირისპირ რაში და გურჯაანის დელტა წარდგნენ. ორივე გუნდს პირველ ტურში მარცხი ჰქონდა განცდილი და ცხადია, მხოლოდ და მხოლოდ მოგებას გეგმავდნენ. მით უფრო, რომ გამორჩეულ ფავორიტად არც ერთი არ ითვლებოდა.
პირველი ტურიდან გამომდინარე, მცირე უპირატესობა გურჯაანელებს ჰქონდათ, რომლებმაც პირველ ტურში მძლავრ ქუთაისთან დაამტკიცეს, რომ ლეგიონერთა ხარჯზე საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დელტამ ეს ავანსი გაამართლა და თამაში მოიგო, თუმცა ბოლო წუთებზე ყურადღების მოდუნება ნერვების დაძაბვად დაუჯდა.
გურჯაანელებმა პირველი, მეორე და მესამე პერიოდები პირწმინდად მოუგეს რაშს და ბოლო ათწუთეულის დაწყებამდე მატჩში ყველაზე დიდი სხვაობა დააფიქსირეს. დელტა 27 ქულით იგებდა და მატჩის ბედიც ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო. ლიდერებმა ყურადღება მოადუნეს, თამაში მოგებულად ჩათვალეს და ეს რაშის შანსი იყო. სერგი ნინუას, ლევან ქვარცხავას და ლეგიონერთა შედეგიანობით რაშმა დასრულებამდე წუთნახევრით ადრე ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა – 78:86.
დელტას მწვრთნელმა, ცხადია, წუთშესვენება აიღო და ისეთი დავალებები გასცა, რომლის შესრულება და თამაშის მოგება გურჯაანელებს არ გასჭირვებიათ. დანია კიგსბიმ ზუსტი ორქულიანი მიითვალა, დელტას 10-ქულიანი ლიდერობა და გამარჯვება გაუნაღდა. საბოლოოდ კახეთის წარმომადგენელმა 90:81 (სტატისტიკა) მოიგო და სუპერლიგის ახალდაწყებულ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
გამარჯვებულთა შორის 21-21 ქულით საუკეთესოები ჯორდან სვოპშირი და დანია კიგსბი იყვნენ. 14 ქულა ვალერიან წულეისკირის ანგარიშზეა. რაშის რიგებში საუკეთესო შედეგი სამხრეთსუდანელ მაჯურ ჯაჯაკს ჰქონდა – 10 ქულა, 10 მოხსნა და 5 დაფარება. 19 ქულა და 8 მოხსნა ჯარეტ ჰენდერსონის ანგარიშზეა. 17 ქულით დაასრულა შეხვედრა ლევან ქვარცხავამ.