სუპერლიგის მე-7 ტური გურჯაანში დასრულდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა “დელტამ” რუსთავს უმასპინძლა და 94:79 (სტატისტიკა) დაამარცხა. კახურმა გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატში მე-5 გამარჯვება მოიპოვა და 2 მარცხის ფონზე მაინც პირველ ადგილზეა.
გურჯაანს მეზობელი რეგიონის საკმაოდ ამბიციური გუნდი ესტუმრა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილ რუსთაველებს საკმაო პოტენციალი რომ გააჩნიათ, ეს წინა ტურში, მოქმედ ჩემპიონ თსუ-სთან საშინაო მატჩშიც გამოაჩინეს, რომელიც ბოლო წამებზე, 1 ქულით დათმეს.გურჯაანში თამაში ნებისმიერი გუნდისთვის რთულია. მიმდინარე სეზონში ამ ქალაქიდან გამარჯვება მხოლოდ ბათუმმა წამოიყო და იმავეს ეცადა რუსთავიც, მაგრამ…
პირველი და მეორე პერიოდები ერთნაირი ანგარიშით – 24:20 დასრულდა და შესაბამისად, გურჯაანელები დიდი შესვენებისთვის 8 ქულით დაწინაურდნენ – 48:40. ეს სხვაობა გახლდათ საშუალო მაჩვენებელი იმ ლიდერობისა, რომელსაც მასპინძლები ფლობდნენ. რუსთაველები ცდილობდნენ ჩამორჩენის გაბათილებას, მაგრამ გურჯაანელთა გუნდური გარჯა სტუმრებს ამის საშუალებას არ აძლევდა.
მესამე პერიოდში რუსთაველებმა თამაში შედარებით გამოაკეთეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმას ეყო, რომ კიდევ უფრო არ ჩამორჩენილიყვნენ. მესამე ათწუთეული სტუმრებმა ქულით მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 7 ქულით აგებდნენ. კახურმა გუნდმა ძალები ხელახლა მოიკრიბა და გამარჯვებამდე ისე მივიდა, მეტოქე ახლოს არ მიუშვია.
დელტას ბექა ბექაურმა ულიდერა, რომელმაც 20 ქულა, 16 მოხსნა, 6 პასი და 2-2 ჩაჭრა-დაფარება მიითვალა. 18 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა ოთარ ფხაკაძის ანგარიშზეა. 16 ქულა ჯარვის რეის ანგარიშზეა. რუსთაველთა გუნდში 29 ქულით, 9 მოხსნითა და 7 პასით საუკეთესო იყო ჯორდან ჰენდერსონი. 13 ქულა ლევან ბაბილოძის ანგარიშზეა.
ასე და ამგვარად, მე-7 ტური დასრულდა და სატურნირო ცხრილმა წარმოდგენილი სახე მიიღო. დაკარგული ქულებით ლიდერი ერთი წაგების მქონე თსუ-ა, ნომინალურად კი პირველ ადგილზე 5 მოგებისა და 2 მარცხის მქონე გურჯაანის “დელტაა”. შემდეგი ტურის მატჩები 2 და 3 დეკემბერს თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში გაიმართება.