გზა ევრობასკეტისკენ – ქართული კალათბურთის 50-იანი წლები

გზა ევრობასკეტისკენ – ქართული კალათბურთის 50-იანი წლები

2022 წელს ქართულ კალათბურთს 100 წელი უსრულდება. საკალათბურთო საუკუნე სხვადასხვა ეტაპებად შეიძლება დაიყოს, რომლებზეც ცალ-ცალკე ვწერთ ჩვენს პროექტში „ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტი 2022-მდე”.   ეს გზა  ევროპის ჩემპიონატებზე გადის – 1947 წელს ოთარ ქორქიამ კონტინენტის პირველობა მოიპოვა და მას შემდეგ ათწლეულების განმავლობაში ევრობასკეტს ქართველების გარეშე არ ჩაუვლია.

ოთარ ქორქიამ ზედიზედ სამჯერ მოიგო ევროპირველობა, რომელსაც 50-იანი წლების შუაში საბჭოთა ნაკრებში გურამ მინაშვილი შეენაცვლა. მისი კაპიტნობით 1962 წელს თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა თასი მოიგო.  

ოთარ ქორქიას ეპოქასა და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასის მოპოვებას შორის იყო გარდამავალი პერიოდი, რომელმაც ისტორიას არაერთი ლეგენდარული ამბავი და  კალათბურთელი აჩუქა. დღევანდელ რუბრიკაში ისტორიის სწორედ ამ მონაკვეთის მნიშვნელოვან ამბებზე მოგითხრობთ.

როგორ დაამარცხა სამმა ქართველმა ხუთი ლატვიელი

მინაშვილი ქორქიას ნაცვლად

„ოთარ ქორქია მთელი გუნდი იყო, რომ დაიძრებოდა, ვერავინ აჩერებდა. იგი 190 სმ სიმაღლისა გახლდათ, – იხსენებდა არაერთი თაობის აღმზრდელი მწვრთნელი თამაზ ოქრუაშვილი, –  მომდევნო თაობებში კი ტანმაღალი ცენტრები გამოჩნდნენ და კალათბურთიც ცოტა შეიცვალა. საჭირო იყო ბურთის ცენტრალურ თავდამსხმელამდე მიტანა, ამასთან, ერთი მოთამაშე მატჩის ბედს მარტო ვეღარ წყვეტდა. სწორედ ასეთ დროს „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრებში გამოჩნდა გურამ მინაშვილი, რომელიც გუნდის ძრავა იყო – ყველა თანაგუნდელს ათამაშებდა. არ მახსოვს, ბურთი დაეკარგოს, რაც გამთამაშებლისთვის მეტად მნიშვნელოვანია. მინაშვილი ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო, დაცვაში თამაშისას ნებისმიერი დონის მეტოქის შეჩერება შეეძლო.“

სსრ კავშირის ნაკრებში ქართული ჯაჭვი არ გაწყვეტილა: 1955 წელს, ევრობასკეტზე, ევროპის სამგზის ჩემპიონმა ოთარ ქორქიამ ჩვეულად იასპარეზა, თუმცა მისი გუნდი ნახევარფინალში მასპინძელ უნგრეთთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ლეგენდარულმა ცენტრმა ნაკრებში გამოსვლაზე უარი თქვა და მალე კარიერაც დაასრულა.

მას საბჭოთა ნაკრებში ქართველთაგან გურამ მინაშვილი ჩაენაცვლა, რომელმაც ქორქიას მიღწევა გაიმეორა – სამჯერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა (1957, 1959 და 1963 წლებში). არც 1961 წლის ევრობასკეტს ჩაუვლია ქართველის გარეშე – საბჭოთა ნაკრებთან ერთად პირველობა მოიგო ვლადიმერ უგრეხელიძემ. 1960 წლის ოლიმპიადაზე კი სწორედ მინაშვილი-უგრეხელიძის დუეტმა მოიგო ვერცხლის მედალი.

პოლიტიკის გამო დაკარგული ოქრო

გურამ მინაშვილის კოლექციას 1959 წლის მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალიც ამშვენებს, ისევე, როგორც გურამ აბაშიძის კოლექციას. თუმცა ინტერნეტში თუ გადავქექავთ, აღმოვაჩენთ, რომ მსოფლიო ჩემპიონობა ბრაზილიამ მოიპოვა. სიტუაციაში მინაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი გვარკვევს:

„1959 წელს ჩილეში დავამარცხეთ აშშ, ბრაზილია, მაგრამ პოლიტიკური ბრძოლა დავთმეთ ტაივანთან. ამ ქვეყანას სსრ კავშირი არ აღიარებდა, ჩინეთის ნაწილად განიხილავდა და მსოფლიო ჩემპიონატზე იმ პირობით გაგვიშვეს, თუ ტაივანთან არ ვითამაშებდით. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ყველას ვაჯობეთ და ამ გუნდთან 0:100-იც რომ წაგვეგო, მაინც ჩემპიონები გავხდებოდით. თუმცა მსაჯმა თამაშის დაწყების ნიშნად ბურთი რომ ააგდო, დაიჭირეს ტაივანელებმა, ორქულიანი ჩააგდეს და მატჩიც დასრულდა – ჩვენი გუნდი მოედანზე არ გასულა“, – დანანებით იხსენებს გურამ მინაშვილი.

ფიბა-მ სსრ კავშირის მატჩზე არგამოცხადების გამო ჩემპიონობა ბრაზილიას მიანიჭა. მინაშვილსა და აბაშიძეს კი სხვა კალათბურთელებთან ერთად მოსკოვში დაბრუნების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების მიერ დამზადებული ოქროს მედლები დაახვედრეს.

 

ასეთი რამ არასოდეს მინახავს

1959 წელს კიდევ უფრო ხმაურიანი ამბავი მოხდა, რომელიც ქარული კალათბურთის ლეგენდების კატეგორიიდანაა: 10 აგვისტოს, მოსკოვში, სსრკ ხალხთა II სპარტაკიადის კალათბურთელთა ტურნირზე, გიორგი ავალიშვილისა და მიხეილ კეკელიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა სენსაცია მოახდინა – მესამე დამატებით დროში სამმა ქართველმა (ვალერი ალთაბაევი, გურამ აბაშიძე და თამაზ კაკაურიძე) ევროპის სამგზის ჩემპიონი ლატვიის ნაკრები დაამარცხა.

შეხვედრას ესწრებოდა ასევე ლეგენდარული ჟურნალისტი ნოდარ გუგუშვილი, რომელმაც შეხვედრის პერიპეტიები გაზეთ „ლელოში“ ვრცლად გადმოსცა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს:

„ის, რაც მოედანზე მოხდა, არ იყო მხოლოდ სპორტული ბრძოლა. ეს იყო უსაზღვრო სწრაფვა გამარჯვებისადმი. სამი ხუთის წინააღმდეგ. ასეთი პროპორცია კალათბურთში იგივეა, რაც ერთი სამის წინააღმდეგ კრივში. სამი თავგამოდებით იბრძოდა ხუთის წინააღმდეგ. მოწინააღმდეგე ჰიპნოზირებული იყო. გ. აბაშიძემ, თ. კაკაურიძემ და ვ. ალთაბაევმა ბრძოლა დაამთავრეს ისე, რომ არც კი უგრძვნიათ მისი მოახლოვება და გამარჯვების შეგრძნება მათთან გაცილებით გვიან მოვიდა.

…მესამე დამატებითი დრო დაიწყო იმით, რომ უგრეხელიძემ მიიღო მე-5 საჯარიმო და დატოვა მოედანი. საქართველოს გუნდში დარჩა ოთხი მოთამაშე: აბაშიძე, მოსეშვილი, კაკაურიძე და ალთაბაევი.

ლატვიელები წინ არიან. ანგარიში ასე იზრდება: 82:84, 83:84, 84:84, 86:84, 87:84, 88:84. ლატვიელები აგდებენ კიდევ ერთ ბურთს, წინ კვლავ საქართველოა – 88:86. მოედანს ტოვებენ კრუმინში და მოსეშვილი.

ლატვიელებს შეჰყავთ მეხუთე მოთამაშე. ჩვენი რეზერვი კი ამოიწურა, მაგრამ ეს ოდნავადაც ვერ ანელებს ჩვენების ბრძოლის ჟინს, სიმტკიცეს. თამაში კვლავ ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობს.

მოწინააღმდეგე იწყებს ახალ შეტევას, მაგრამ გაისმის მსაჯის სასტვენის ხმა და დროც ამოიწურა – 88:86.

… დამთავრდა თამაში და მივმართეთ საბჭოთა კავშირის დამსახურებულ მწვრთნელს სტეფან სპანდარიანს, რომელმაც მოკლედ გვიპასუხა: „ასეთი არაფერი მინახავს“.

62 წლის შემდეგ გურამ აბაშიძე ძველებური ემოციით იხსენებს ლეგენდარულ დაპირისპირებას: „სამმა კაცმა როგორ მოვუგეთ ბალტიისპირელთა ვარსკვლავებით დახუნძლულ გუნდს, დღესაც მიკვირს. ტრაბახში ნუ ჩამითვლით – ეს ფანტასტიკის სფეროდანაა“.