ჰიუნდაი ფინალში დაწინაურდა

ჰიუნდაი ფინალში დაწინაურდა

რეგულარული ჩემპიონატის მომგებმა „რუსთავმა“ ფინალური სერიის პირველ მატჩში მოედნის უპირატესობა დაკარგა. ქვემოქართლელებმა „ჰიუნდაისთან“ 62:69 წააგეს და სერიაში 0:1 ჩამორჩნენ,

ხოლო ჰიუნდაელები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ. თუკი ხვალ, 24 მაისს, კვლავ თბილისელები იმარჯვებენ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდი ჩემპიონი გახდება.
მასპინძლებმა ფინალური სერიის პირველი მატჩი კარგად კი დაიწყეს და პირველი მეოთხედი მცირე უპირატესობით – 22:20 მოიგეს, თუმცა მომდევნო პერიოდიდან ჩერქეზიშვილის გუნდი ამოქმედდა, თამაში დაალაგა და უპირატესობასაც დაეპატრონა.
გუნდური თამაშის წყალობით „ჰიუნდაიმ“ მეორე პერიოდი 16:10 მოიგო და დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი ლიდერობით გავიდა. ლუკა ზაქრაძე, სანდრო სანაძე და კახა ტომარაძე სწრაფი გარღვევებით რუსთაველებს პრობლემებს უქმნიდნენ, ხოლო შორ სროლებში ორივე გუნდი სცოდავდა.
გადამწყვეტი მეოთხედის წინ სტუმრები 6 ქულით იგებდნენ და უპირატესობა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს. ლევან ურიდია ფარქვეშ კი აქტიურობდა და ბურთებიც ბლომად ყარა, მაგრამ მას მხარი უკანა ხაზიდან ვერ აუბეს და რუსთაველებმა საბოლოოდ 7-ქულიანი მარცხი განიცადეს.
„ჰიუნდაის“ 16 ქულით და 15 მოხსნით კახა ტომარაძემ ულიდერა, ხოლო სანაძემ და ზაქრაძემ 15-15 ქულა მოაგროვეს. ამ უკანასკნელს 8 მოხსნა და 5 პასიც ჰქონდა, რითაც ჰიუნდაელთა წარმატებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო. „რუსთავში“ 17 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა ურიდიამ, შოთა ნარჩომაშვილმა კი შეხვედრა ორმაგი დუბლით – 14 ქულითა და 16 მოხსნით დაასრულა.
ფინალური სერიის მომდევნო მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 16 საათზე გაიმართება.
 
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (ჰიუნდაი): როგორც მოსალოდნელი იყო, თამაშმა ძალიან დაძაბულად ჩაიარა. რუსთავის გუნდი ნამდვილი სუპერმეტოქე იყო ჩვენთვის. ორივე გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და შესაძლოა თავი გასწირა თამაშისთვის.  ხვალაც ურთულესი შეხვედრა გველის თბილისში და საერთოდ არ ვფიქრობ,რომ რაიმე უპირატესობა გვექნება. ბიჭების დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ და ვერავის გამოვყოფ, ყველამ შესანიშნავად  ითამაშა. კარგი იქნება თუ ხვალ ყველაფერს დავასრულებთ და უმაღლეს შედეგს ვაჩვენებთ.   შემადგენლობა მეტოქესთან შედარებით მცირე გვყავს, თუმცა თუ გავძელით ვფიქრობ  ფინალურ სერიას ჩვენს სასარგებლოდ დავასრულებთ და სასურველ მიზანს მივაღწევთ.
ირაკლი მებურიშვილი (რუსთავი): დაძაბული თამაში იყო, სამწუხაროდ ჩვენმა ბიჭებმა დაკისრებულ მოვალეობას თავი  ვერ გაართვეს, ვერც დაცვაში იასპარეზეს და ვერც თავდასხმაში, როგორც ჩანს ვერ გაუძლეს დაძაბულ სიტუაციას. გავაანალიზებთ დღევანდელ თამაშს და ხვალ ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ მესამე  თამაში ვითამაშოთ. 

რუსთავი – ჰიუნდაი  62:69